ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალში" სავარაუდო გადასვლის მიუხედავად "იუნაიტედში" საქმეს პროფესიონალურად ეკიდება და რაჰიმ სტერლინგს არ დაემსგავსება.
"ლივერპულის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა "მერსეისაიდელებს" მალაიზიასა და აუსტრალიაში ტურნეზე გამგზავრებაზე უარი განუცხადა, რადგან მისით "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება და ინგლისელს "ქალაქელების" რიგებში სურს გადასვლა.
ტრანსფერის განუხორციელებლობის გამო სტერლინგმა ოთხშაბათისა და ხუთშაბათის ვარჯიშებიც გამოტოვა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ ეს ავამდყოფობის გამო გააკეთა.
დე ხეა მადრიდის "რეალში" გადასვლის ზღვარზეა, მაგრამ ორშაბათს "იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად კარინგტონს დაუბრუნდა და მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა.
ჰოლანდიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ დე ხეა საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას შეინარჩუნებს და თუ ტურნეზე კლუბთან ერთად გაემგზავრება, თავს გამოიჩენს.
"ვფიქრობ, ის პროფესიონალი ფეხბურთელია და ფანტასტიკური მიდგომა აჩვენა და ამას ვამბობ ყველაზე, არა მარტო დე ხეაზე, ყველაზე, ვინც პროფესიონალია.
ახლა ყველა მწვრთნელისთვის რთულია. ეს პერიოდი, როცა ფეხბურთელები წავლენ ან არ წავლენ - ყველაზე რთული დროა. თუმცა ჩემი ფეხბურთელების პროფესიონალიზმზე ვერ დავიჩივლებ", - განაცხადა ვან გაალმა.