სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაში გასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩებს ტრიბუნიდან აკვირდება და სიამოვნებას იღებს, თუმცა მას სატრანსფერო საქმინობა არ ენატრება.
როცა ფერგიუსონს ჰკითხეს, მოხარული იყო თუ არა იმით, რომ მეტად აღარ ერთვება ფეხბურთელების შეძენაში, მან უპასუხა: "აბსოლუტურად! ამაზე აღარ მიწევს დარდი.
მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" ინტერესს არასდროს კარგავ, ის ყოველთვის გიზიდავს. ვაკვირდები მოვლენებს და მათ მიმდინარეობას. ვფიქრობ, ეს არის კლუბი, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ ხანს მუშაობ, მისდამი სითბოს არასდროს კარგავ. ჯერ კიდევ მაქვს ეს სითბო და "იუნაიტედის" ყურება მიყვარს".
სერ ალექს ფერგიუსონმა "იუნაიტედის" ყოველწლიურ საქველმოქმედო გოლფის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა: "ფონდი წლების განმავლობაში დიდ საქმეს აკეთებდა და ასეც აგრძელებს. ძალიან მნიშვნელოვანია. დიდებული იყო ჩემი ყოფილი ფეხბურთელების ნახვა გოლფის დღეზე".
ტურნირის დაწყების წინ შოტლანდიელს ჰკითხეს, თუ რას უნდა ველოდეთ მისგან, რაზეც უპასუხა: "სრულ აგონიას! თუ ჩემს გუნდს 5 ქულას მოვუტან, ბედნიერი ვიქნები".