"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
ჰოლანდიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ გუნდთა რიცხვში კატალონიური გრანდიც შედის, რომელთა რიგებში ლეგენდებად ქცეული ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდნენ.
"სასიამოვნო იქნება ჩემი ძველი მეგობრების ხილვა, მაგრამ უამრავი ახალი ფეხბურთელიც ჰყავთ.
უნდა ვთქვა, რომ "ბარსელონაში" კვლავ თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთაც ვწვრთნიდი, რისი ხილვაც მახარებს. მაგრამ ასევე შემორჩა შტაბის რამდენიმე წევრი.
რა თქმა უნდა, ძალიან გიხარია, რადგან მოთამაშეები, რომელთა დებიუტი შენი ხელმძღვანელობის ქვეშ შედგა, ასე დიდხანს თამაშობენ კლუბში. ჩავი და ინიესტა ამის შესანიშნავი მაგალითია, ასევე ვიქტორ ვალდესიც".
ვან გაალმა "ბარსელონას" 28 წლის ფორვარდი, ლიონელ მესიც შეაქო, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება მათ შორის, რომელიც ფეხბურთს ოდესმე უნახავს.
"მესი თითქმის ყოველ თამაშში ამტკიცებს შესაძლებლობებს.
მიუხედავად მისი ჭარბი ნიჭისა, ძალიან თავმდაბალია. ეს მომწონს მასში და უდიდეს პატივს ვცემ".