"საუთჰემპტონი" მორგან შნეიდერლინის შესაძლო წასვლას შეეგუა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა 27 მლნ. ფუნტს მოსთხოვს.
"წმინდანთა" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა უკვე განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკების" პირველი შეთავაზება, რომელიც 20 მლნ. ფუნტს შეადგენდა, უარყო და ასეთ ფასს ჰოლანდიელმა მწვრთნელმა "არასაკმარისი" უწოდა.
ითვლებოდა, რომ "სენტ მერის" მკვიდრები ფრანგისთვის 25 მლნ. ფუნტს მოითხოვდნენ, მაგრამ მორგანის ღირებულება გაიზარდა.
"ყოველ ფეხბურთელს საკუთარი ფასი აქვს და მოთამაშეთა გაყიდვით უკვე დავაგროვეთ გარკვეული გამოცდილება.
გასულ წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავყიდეთ, ამიტომ, თუ მორგანისადმი მართლაც იჩენენ ინტერესს, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ კლუბის მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან.
შნეიდერლინი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ამასთან ერთად, საფრანგეთის ნაკრებშიც თამაშობს. არა მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ეს პრობლემა იყოს", - განაცხადა კუმანმა.