მცირე ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგ შესაძლო შენაძენზე.
"Sky Italia"-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთანხმებას მიაღწია "ტორინოსთან" იტალიელი მცველის, მატეო დარმიანის თაობაზე.
გუნდებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და ორი დაბლოკილი წინადადების შემდეგ, "ტორინო" დათანახმდა 12,7 მილიონ ფუნტიან (18 მილიონი ევრო) შემოთავაზებას "იუნაიტედისგან".
"ტორინომ" გასული სეზონი "სერია ა"-ში მეცხრე პოზიცაიზე დაასრულა და იტალიური გუნდის პრეზიდენტის, ურბან კაიროს განცხადებით, მათთვის ძალიან რთული იქნება მატეო დარმიანის შენარჩუნება. თუმცა კაირომ ფეხბურთელის ყიდვის ბოლო ვადაც დაასახელა:
"ყველა, ვინც წინა-სასეზონო შეკრებაზე მოვა, შემდეგ სეზონს ჩვენთან გაატარებს." - განუცხადა მან "La Stampa"-ს
"კვირა (12 ივლისი) იქნება ბოლო ვადა. დარმიანის თაობაზე 3 წინადადება მივიღეთ და ამ კლუბების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გავამხელ მათ სახელებს. მატეო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელსაც სურს ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლოს.""Sky Italia" დარწმუნებულია, რომ ამ კლუბებს შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" და სწორედ ინგლისელების შემოთავაზებას დათანხმდა "ტორინო".
როგორია მისი წარსული?
მან კარიერა "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, თუმცა პირველ გუნდში მოხვედრა გაუჭირდა. ამის გამო იგი "პალერმოში" გადაბარგდა, თუმცა კონტრაქტი არ გაუწყვიტავს "როსონერისთან".
მუდმივმა ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს პროგრესში, ამიტომ 2010/2011 სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა "პალერმოს" მაისურით. მისი კარიერის აღმავლობა კი მაშინ დაიწყო, როდესაც იგი არენდით "ტორინოს" შეუერთდა. მან შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა მარჯვენა ფლანგზე თამაშით და საბოლოოდ "ტორინომ" იგი 500 000 ფუნტად გამოისყიდა.
2013/14 სეზონში დარმიანმა 37 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში და სეზონის ბოლოს წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. გარდა ამისა მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპა ლიგაზე "ტორინოს" მეთექვსმეტედ ფინალამდე მიღწევაში, სადაც იტალიელებს ცოტა დააკლდათ "ზენიტის" დამარცხებამდე.
ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლოა, დარმიანი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ახსოვს, სადაც მან იტალიის შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ჩაატარა. ის იყო ამ ტურნირის ერთ-ერთი ნათელი წერტილი "იტალიელთა" მხრიდან და სწორედ მისი აქტიურობის შემდეგ გაიტანა ბალოტელიმ გადამწყვეტი გოლი "სამი ლომის" წინააღმდეგ. ჯამში მას "სკუადრა აძურის" შემადგენლობაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.
რა არის მისი ძლიერი მხარეები?
მისი პროგრესი "მილანის" დატოვების შემდეგ საკმაოდ შთამბეჭდავია. დარმიანს შესანიშნავად ეხერხება დაცვის ფლანგებზე თამაში, მას შეუძლია კარგად აითვისოს მოედნის მთლიანი ფრთა, რაშიც ხელს მისი სისწრაფეც უწყობს. გარდა ამისა იტალიელს თავისუფლად შეუძლია უკანა ხაზის ცენტრალურ ზონაში თამაშიც.
მატეო თავისუფლად მოახერხებს ლუი ვან გაალის სქემაში ჩაჯდომას, სადაც მას დაცვის გარდა შეტევის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია. განსხვავებით ანტონიო ვალენსიასგან, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი დაცვითი უნარები და გასული სეზონის განმავლობაში ბევრჯერ გახდა მოწინააღმდეგე გუნდის ვინგერების მსხვერპლი.
საერთო ჯამში კი, დაცვის ფლანგებზე ისეთი მრავალფეროვანი და ნიჭიერი ფეხბურთელების ყოლა, როგორიც ლუკ შოუ და მატეო დარმიანი არიან ძალიან მომგებიანი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
წყარო:
Sky Sports