"Sky Italia"-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთანხმებას მიაღწია "ტორინოსთან" იტალიელი მცველის თაობაზე.
"Sky Italia"-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთანხმებას მიაღწია "ტორინოსთან" იტალიელი მცველის, მატეო დარმიანის თაობაზე.
გუნდებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და ორი დაბლოკილი წინადადების შემდეგ, "ტორინო" დათანახმდა 12,7 მილიონ ფუნტიან (18 მილიონი ევრო) შემოთავაზებას "იუნაიტედისგან".
დარმიანი მრავალფეროვანი მცველია, რომელსაც შეუძლია დაცვის ორივე ფლანგზე თამაში, თუმცა უპირატესობას მარჯვენა ფრთას ანიჭებს. მას ასევე აქვს ცენტრალურ მცველად თამაშის გამოცდილება, რასაც მისი სიმაღლეც უწყობს ხელს (183 სმ).
ლუი ვან გაალმა კარგად იცის, რომ "იუნაიტედი" ძალიან სუსტად გამოიყურება სტანდარტულების დროს. ამის კარგი მაგალითია გასულ წელს დიდიე დროგბას გოლი "მანჩესტერელთა" კარში, როდესაც კოტ დ'იუარელის აყვანას 1,72 მეტრიანი რაფაელი ცდილობდა.
ამ თემაზე კომენტარი ჰოლანიდელმა ნოემბერშიც გააკეთა პრეს-კონფერენციაზე:
"ძალიან რთულადაა საქმე სტანდარტულების მხრივ, ამის მიზეზი კი ფეხბურთელების სიმაღლეა - იქნებ თქვენ მირჩიოთ რომელიმე მაღალი ფეხბურთელი."გასულ წელს "იუნაიტედს" ბევრი პრობლემა ჰქონდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ამიტომ ვან გაალი იძულებული იყო ამ ადგილას დაეყენებინა ანტონიო ვალენსია, რომელსაც მთელი კარიერა ნახევარდაცვაში აქვს გატარებული.
რაც შეეხება რაფაელს, ის გასული სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმირებული იყო და მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება მოახერხა. კლუბი კი მზადაა 24 წლის ფეხბურთელზე სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები მოისმინოს. "Sky Sports"-ის ინფორმაციით ბრაზილელის გადმობირებით "გალათასარაი", "ნაპოლი" და "ფიორენტინა" არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ძალიან აქტიურად უკავშირებდნენ დანი ალვეშს, რომელმაც "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ასევე ბევრი იწერებოდა შეიმუს კოულმენის შესაძლო ტრანსფერზე. თუმცა როგორც ჩანს, ვან გაალმა თავისი არჩევანი მატეო დარმიანზე შეაჩერა.
წყარო:
Sky Sports