ხუან მატამ განაცხადა, რომ "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ყველაზე მეტად რამაც გააკვირვა, ეს არის გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა წინასასეზონო ტურნეზე.
ესპანელმა პლეიმეიქერმა "იუნაიტედთან" ერთად თავისი პირველი ტურნე გასულ წელს გამოსცადა, როცა აშშ-ში იმყოფებოდა. ლუი ვან გაალის შეგირდები ლოს ანჯელესში, დენვერში, ვაშინგტონში, დეტროიტსა და მაიამიში შეჩერდნენ, "იუნაიტედმა" კი საერთაშორისო ჩემპიონთა თასი მოიგო.
მატა გაოცებული დარჩა მხარდაჭერით, რომელიც ქომაგებმა აშშ-ში აღმოუჩინეს კლუბს, ესპანელს კი მიაჩნია, რომ ამის მიზეზი კლუბის მდიდარი და დიდი ისტორიაა.
"დაუჯერებელი იყო იმის ხილვა, თუ რამდენი გულშემატკივარი გვყავს შეერთებულ შტატებში და მაშინაც კი, როცა მადრიდის "რეალის" მსგავს გუნდს ვეთამაშებოდით, ჩვენ უფრო მეტი გვქომაგობდა, ვიდრე მათ. საოცარია იმის შეგრძნება, რომ ამერიკელი გულშემატკივარი ჩვენთან ერთადაა.
ვფიქრობ, მშვენიერია ცოდნა იმისა, რომ ამერიკელი ქომაგი კლუბის ისტორიის შესწავლას ცდილობს. გვიყვარს ისინი და მადლობას ვუხდით მათ, რადგან მხარდაჭერას ზღვებს იქითაც ვგრძნობთ და იმედი გვაქვს, ამ ზაფხულსაც ვნახავთ.
ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა კლუბის შესახებ, ის არის, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, თუნდაც მშვიდ ადგილას დასასვენებლად, ყოველთვის იპოვი "იუნაიტედის" მხარდამჭერს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" თავისი ისტორიის გამო განსაკუთრებული და უნიკალური კლუბია. ინგლისის ლიგაში არავის მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც ჩვენ. ეს არის ისტორია, რომელსაც ვერ იყიდი. ვფიქრობ, ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს და ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვარ".