"Daily Star"-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" აპირებს ჯონი ევანსს "ევერტონში" გადასვლის უფლება მისცეს, სანაცვლოდ კი შეიმუს კოულმენი მიიღოს. როგორც გამოცემა იტყობინება, ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ მარჯვენა მცველის ძიებაშია, მას შემდეგ რაც დანი ალვეშისა და ნათანიელ კლაინის ყიდვის შანსები გაუშვა ხელიდან.
"ევერტონს" არ სურს 26 წლის მცველის მარტივად დათმობა, თუმცა "იუნაიტედი" მზადაა ჯონი ევანსის გარდა ლივერპულელებს გარკვეული თანხაც შესთავაზოს.
ევანსს ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით კლუბთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიუღია ახალი შეთავაზება ხელმძღვანელობისგან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი ვან გაალის გეგმებში არ შედის. აქვე შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" დანარჩენმა ცენტრალურმა მცველებმა: კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა, პედი მაკნეირმა და ტაილერ ბლეკეტმა უკვე გააფორმეს ახალი კონტრაქტები "წითელ ეშმაკებთან".