ხავიერ ერნანდესს ოპერაცია გაუკეთეს.
მექსიკის ნაკრების ფორვარდს, ხავიერ ერნანდესს ლავიწის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც 4 კვირას გამოტოვებს და კონკაკაფის თასზე თავისი ქვეყნის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ერნანდესმა ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მძიმე ტრავმა და მე-40 წუთზე მოედანი დატოვა.
მექსიკელები და ჰონდურასელები ბოლო მატჩს მართავდნენ ტურნირის დაწყებამდე, რომელიც სამშაბათს აშშ-ში აიღებს სტარტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 27-წლის ფორვარდი, რომელმაც გასული სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა იჯარის წესით, ბრაიან ბეკელსს შეეჯახა და მაშინვე შეცვალეს.
მექსიკის ნაკრების ექიმმა, ხერარდო აგიარმა კი განაცხადა:
"დღეს დილით, ხავიერ ერნანდესს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია. მარჯვენა ლავიწში ორი ფირფიტა ჩაუყენეს, რომელიც ექვსი ხრახნით არის დამაგრებული.
პროგნოზი შედარებით მისაღებია და როგორც მოსალოდნელია, მალე გამოჯანმრთელდება, რასაც იმედი გვაქვს, 4 კვირა დასჭირდება".მექსიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ერერამ ერნადესის ნაცვლად ხავიერ ეროზკო გამოიძახა, რომელიც მექსიკის ჩემპიონ "სანტოს ლაგუნაში" თამაშობს.
ჩიჩარიტოს ნაკრების რიგებში ჩატარებულ 73 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი და გუნდისთვის დიდი დანაკრგი იქნება.
მექსიკა C ჯგუფში პირველ მატჩს 9 ივლისს კუბის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი გუატემალისა და ტრინიდად და ტობაგოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
წყარო:
dailymail