"დატოვეთ ნიშანი ამერიკაში" - ეს არის გიგზის შეტყობინება იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტურნეზე გაემგზავრებიან.
"ახალგაზრდა ფეხბურთელები ალბათ ფიქრობენ, რომ ტურნეზე ბევრ დროს ვერ მიიღებენ, მაგრამ შემდეგ ძირითადი გუნდის რომელიმე მოთამაშე იღებს ტრავმას. ახალგაზრდა მოთამაშეს ეძლევა 15-20 წუთი, რათა თავი გამოიჩინოს, მომდევნო თამაშში კი გუნდთან ერთად სასტარტო შემადგენლობაშია და კვლავ იჩენს თავს. ასე რომ, ტურნე მართლაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რათა თავიანთი ნიშანი დატოვონ.
ვფიქრობ, მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახეთ, რომლებიც წინასასეზონო ტურნეზე კარგად თამაშობდნენ, ეს კი სეზონის პირველ ნაწილშიც გადაჰყვათ. დიდ რამეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მიღება შეგიძლია. თუ კარგი სტარტი გექნება, თავდაჯერებულობა მოგემატება, ამიტომ წინასასეზონო მატჩებს ცივად არ მოეკიდები. წავიდა ის დრო, როცა ადვილი მატჩები ტარდებოდა - ყოველი შეხვედრა რთულია და ყოველი სტადიონი სავსეა ხალხით, ამიტომ გინდა კარგად ითამაშო იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც შენს საყურებლად მოვიდნენ.
ტურნე წინასასეზონო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ახალი ფეხბურთელები თანაგუნდელებს ეცნობიან, მწვრთნელებს კი საჭირო დროის გამონახვის საშუალება ეძლევათ, რათა იმაზე იმუშაონ, რაც სეზონისთვისაა აუცილებელი.
კარგი წინასასეზონო ტურნე არ ნიშნავს, რომ კარგი სეზონი გექნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი დასრულება ჯანმრთელი ფეხბურთელებით, მოთამაშეებმა მიიღონ საკმარისი დრო და არ დაშავდნენ - ეს არის მთავარი".