"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მზად არის, ამერიკაში გასამართ ტურნეზე ბევრ ახალგაზრდას მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.
"წითელი ეშმაკები" აშშ-ში ივლისში დაბრუნდებიან, რათა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იასპარეზონ, ტურნირზე, რომელიც 2014 წელს მოიგეს.
მექსიკური "ამერიკა", MLS-ის წარმომადგენელი "სან ხოსე ერტქუეიქსი", "ბარსელონა" და პსჟ იქნება "იუნაიტედის" მეტოქეები, მაგრამ მიუხედავად მოწინააღმდეგეთა კალიბრისა, ვან გაალი ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას აპირებს.
"შანსს ყოველთვის იღებ, განსაკუთრებით წინასასეზონო ტურნეზე და თუ მას იყენებ, შემდეგ შეიძლება, ჩვენი პირველი გუნდის წევრიც გახდე მომდევნო სეზონში.
აშშ-ში ჩვენთან ერთად ბევრ ახალგაზრდას წავიყვან, ისინი თავის გამოჩენის შანსს მიიღებენ, შემდეგ კი დავაკვირდებით, თუ როგორ შეძლებენ განვითარებას", - განაცხადა ჰოლანდიელმა.