"Sky Sports"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გააკეთა 28,6 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება "რეალ მადრიდის" მცველის, სერხიო რამოსის შესაძენად.
ბოლო კვირებში, ბრიტანული და ესპანური მედიები "იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებდნენ ესპანელ მცველს, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით "ბერნაბეუზე" 2 წელი დარჩა.
"Sky Sports"-ის ესპანელი ექსპერტის, გრაჰამ ჰანტერის განცხადებით, ტრანსფერი ძალიან რეალურია, ვინაიდან სერხიო რამოსმა თავად მოითხოვა "სამეფო კლუბის" დატოვება.
"რამოსმა "რეალ მადრიდს" პირდაპირ გამოუცხადა, რომ სურს ზაფხულში კლუბი დატოვოს. მან ასევე ხელმძღვანელობას მოსთხოვა, რომ განსაკუთრებული აქცენტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" გააკეთონ და სხვა კლუბების შემოთავაზებები არც განიხილონ." - განუცხადა ჰანტერმა "Sky Sports News"-ს.
"ხალხი ეჭვობს, რომ სერხიო რამოსს სურს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოიყენოს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა სესკ ფაბრეგასის შემთხვევაში, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოიესისთვის ხელმისაწვდომი იყო."
"თუმცა ამჯერად "იუნაიტედის" დაინტერესება ძალიან სერიოზულია. რამოსში ისინი ხედავენ ფეხბურთელს, რომელიც გაამაგრებს დაცვის ხაზს, რომელმაც იცის როგორ მიაღწიოს წარმატებას მატჩებში, აქვს გამოცდილება და გუნდს იმ ხასიათს შემატებს, რომელიც გასულ სეზონში აკლდა."
"ესპანელი მცველი "იუნაიტედის" ახალი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება, ამიტომ კლუბმა შეთავაზება უკვე გააკეთა. "რეალ მადრიდს" არ უნდა ჰქონდეს რაიმე ცრუ ილუზია, რამოსს სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა და ამჟამინდელი კლუბისგან ითხოვს, რომ ტრანსფერს ხელი არ შეუშალონ."
"ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმით, რომ "სამეფო კლუბი" მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტზე, ხოლო თავად კლუბის კაპიტანი ჯერ-ჯერობით არაფერს ღებულობს."
"ძალიან ცუდი კომუნიკაციაა კლუბის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, ფლორენტინო პერესისა და გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელს, სერხიო რამოსს შორის."
"რამოსი ძალიან თავდაჯერებული და მამაცი ფეხბურთელია, რაც მის ხასიათში ჩანს. ესპანელმა იცის საკუთარი თავის მნიშვნელობა გუნდისთვის."
"ის ძალიან კარგად აკვირდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ პროექტს და სურს, მისი ნაწილი გახდეს."