30-06-2015, 00:11
ნანახია: 1987,
კომენტარები: 7
რუნი: "ჩემი მიზანი არასდროს იცვლება"
როგორ ჩაატარა გასული სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედმა"?
მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო, რაც გამოგვივიდა, ამიტომ ყველაფერი არცთუ ცუდადაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი მწვრთნელი და შტაბი გვყავდა, შემოგვიერთდნენ ახალი ფეხბურთელები, ამიტომ სამართლიანი არ იქნებოდა ჩვენგან მაშინვე ჩემპიონობის მოთხოვნა. იმედგაცრუება ის იყო, რომ საერთოდ ვერაფრის მოგება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით კი ინგლისის თასის, თუმცა შანსი გვქონდა. ჩავარდნა იქნებოდა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრა, მაგრამ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია.
ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა მოგეწონათ?
ძალიან მომეწონა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ხოლო მისი გამარჯვების სურვილი და დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა უბრალოდ გაოცებს. მაგალითად, ვარჯიშებზე თითოეული მათგანი რაღაცას ნიშნავს, მაშინაც კი, თუ ეს პატარა ორმხრივია, მას აუცილებლად სურს, რომ გუნდი, რომელსაც ის კურირებს, იმარჯვებდეს და ძალიან ბრაზდება თუ ასე არ ხდება. მისი თამაშის ცოდნა გაკვირვებს, ასევე მატჩისწინა განლაგება ან წინა მატჩის განხილვა - თითოეულ წვრილმანზე ამახვილებს ყურადღებას, არაფერი გამოეპარება. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ვარჯიშების ან მატჩების დროს ძალიან სერიოზულია, მაგრამ ამასთან ერთად ხელმისაწვდომი და თუ ფეხბურთელს მასთან დალაპარაკება სურს, ყოველთვის გამოეხმაურება.
როგორ მოირგეთ კაპიტნის როლი?
ეს როლი შემიყვარდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაურის მიღება სეზონის დასაწყისში ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოვლენაა. იმის მიუხედავადაც კი, რომ გუნდში ცოტა ასაკოვანი და გამოცდილი მოთამაშეა, ბოლომდე არ ვიცოდი, რომ კაპიტნის სამკლაური მე მერგებოდა. გასახდელში და მოედანზე ყოველთვის ბევრს ვსაუბრობდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახალი ვალდებულებები მომემატა, ისეთები, როგორიცაა მოთამაშეთა წაქეზება, მათი აზრების მოსმენა და მგონია, რომ ამ როლს შევეგუე. უფრო ადრე ინგლისის ნაკრების კაპიტნის როლი მერგო, ესეც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ის, რომ კაპიტნის როლს ნაკრებში მივეჩვიე, კლუბშიც გამოვიყენე და პირიქით. კაპიტნებს ყოველთვის ვაკვირდებოდი, რომლებთან ერთად თამაში მიწევდა და ვისმენდი, რას ამბობდნენ, ამიტომ წარმოვიდგენდი, რა უნდა გააკეთო და რა არა, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი პირადი სტილი მაქვს და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ მოვლენათა განვითარებით.
რა არის "მანჩესტერ იუნაიტედის" მიზანი მომდევნო წელს?
მართლა მჯერა, რომ მომდევნო სეზონში უფრო შორს წავალთ და ლიგის ტიტულისთვის ბრძოლასთან ახლოს ვიქნებით. თუ პირველ 10-11 მატჩს შეხედავთ, ჩვენ მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, შემდეგ კი ნახეთ რომელ ადგილზე დავასრულეთ სეზონი და ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი სტარტით მესამე ადგილზე მაღლაც გავიდოდით. გუნდების უმრავლესობის წინააღმდეგ ვდომინირებდით, მაგრამ შანსებს ვერ ვიყენებდით და ასე რომ არ მომხდარიყო ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელს გუნდს, ჩემი და მწვრთნელის ჩათვლით, გვჯერა, რომ მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლასთან ახლოს ვიქნებით და ზაფხულს რამდენიმე შენაძენის განხორციელების შემთხვევაში ამის გაკეთების დიდი შანსი გვექნება. რამდენიც შესაძლებელია, იმდენი თასი უნდა მოვიგოთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი ყოველთვის უნდა იგებდეს რამეს და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ამას მოვახერხებთ.
რას ფიქრობთ სანაკრებო სეზონზე?
ნაკრებმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ყველა ამაყობს იმით, რომ წაგების გარეშე დავასრულეთ, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. კარგია, რომ შესვენებაზე ასეთი თამაშის შემდეგ გავდივართ. ამჟამად დიდებული გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ახალგამოძახებულთა უმრავლესობამ კი თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. კიდევ ცოტაც და მომდევნო წლისთვის საფრანგეთში გამგზავრების ბილეთს გავინაღდებთ.
რა არის თქვენი პირადი მიზანი მომდევნო წელს?
მინდა ვაჩვენო საუკეთესო, რაც შემიძლია ნაკრებსა და კლუბში, თან კაპიტნის როლში ჩემი საუკეთესო უნარები წარმოვაჩინო. ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავ და ყოველთვის ასე იქნება. მინდა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებს თასების მოგებაში დავეხმარო და მომავალ წელს ამის გაკეთების შანსი მაქვს. ასევე, არ მტოვებს კლუბისა და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობის სურვილი, მაგრამ პირველ რიგში ორივე ამ გუნდისთვის მინდა დახმარება.