"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია. თავი IV. ბასბის ჩვილები
უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რომელიც ოდესმე უამბნიათ.
მეტ ბასბი ყოველთვის დროს ასწრებდა. მან ნიჭიერი გუნდით დიდ გამარჯვებებს მიაღწია, 1948 წელს მისმა დამოძღვრილმა "იუნაიტედმა" ინგლისის თასი მოიგო, ხოლო 1951/52 წლების სეზონში, ზუსტად 40 წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატი. ბასბი მიხვდა, რომ საჭირო იყო გუნდის რეკონსტრუქცია, თუმცა მცირე ბიუჯეტით ამის გაკეთება თითქმის წარმოუდგენელი იყო.
მეტმა ბრიტანეთში არსებული ყველა სკაუტი მოიწვია და ასეთი ამოცანა დაუსახა: მათ უნდა მოეძებნათ საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები და აუცილებლად მიეყვანათ "ოლდ ტრაფორდზე", რათა ისინი ბასბის მეთვალყურეობის ქვეშ გაზრდილიყვნენ.
"ზოგჯერ თავი საბავშვო ბაღის აღმზრდელი მეგონა"- იხსენებს შოტლანდიელი.
"ჩავარდნად ვთვლიდი, თუკი ფეხბურთელს სკოლის დამთავრების საშუალებას მივცემდით. ვფიქრობდი, ახალგაზრდები რაც შეიძლება ადრე უნდა მოგვეყვანა და ისე გაგვეზარდა, როგორც გვსურდა." ამდენად, ახალგაზრდები შანსებს ღებულობდნენ. თუკი ისინი საკმრისად კარგები იყვნენ, ბასბი თვლიდა, რომ მათი ნდობა შეიძლებოდა, სწორედ ამიტომ მოაგროვა ერთად ამდენი ნიჭიერი მოთამაშე. თითქმის 4 წლის განმავლობაში გუნდს 1 პენიც არ დაუხარჯავს ტრანსფერებზე. რა თქმა უნდა, ამას ცუდი შედეგები ჰქონდა, ჩემპიონი გუნდი თითქმის დაიშალა, თუმცა ეს არ იყო სანერვიულო მეტისთვის.
"ამაზე არ ვდარდობდი. მომავალი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის აწმყო.". როგორც ბასბის თანაშემზე, ჯიმი მერფი აღნიშნავს:
"მოედნის კიდესთან ბევრ ახალგაზრდას შენიშნავდით, რომლებიც მზად იყვნენ, მთელი სხეული ჩაედოთ ფეხბურთში - საუკეთესო მოზარდები იყვნენ შეკრებილნი ერთად. შეუდარებელი "ბასბის ჩვილები" ეს ზედმეტსახელი პირველად მაშინ გამოიყენეს, როდესაც ჯეკი ბლანჩფლაუერის და როჯერ ბერნის დებიუტი შედგა "ლივერპულის" წინააღმდეგ, მაშინ ბიჭები 18 და 21 წლის იყვნენ. სანამ ხსენებული სიტყვათა შეთანხმება ბრიტანეთში პოპულარული გახდებოდა, მარკ ჯონსმა და ბილი ფოულკსმაც მოასწრეს სადებიუტო შეხვედრის ჩატარება. შემდეგ წლებში კი "იუნაიტედის" მაისური მოირგეს ახალგაზრდებმა, რომლებიც მომავალში ლეგენდებად იქცნენ. დანკან ედვარდსმა, დენის ბოილეტიმ, ბობი ჩარლტონმა, ედი კოლმანმა და ლიამ უილანმა მოახერხეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭის გამოვლინება - ყველა მათგანი დაიბადა, რათა ეთამაშა "ოლდ ტრაფორდზე".
სულ მალე მომართულმა ბიჭუნებმა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბეს, რომელმაც 1956 და 1957 წლებში ზედიზედ მოახერხმა ინგლისის ჩემპიონატის მოგება, თანაც ძალიან ადვილად. ბასბის "იუნაიტედი" გახდა პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასზე იასპარეზა, რომელიც ახლა ჩემპიონთა ლიგის სახელითაა ცნობილი. სადებიუტო სეზონშივე "ეშმაკებმა" საკმაო წარმატებას მიაღწიეს, დამარცხდნენ რა დაძაბულ ბრძოლაში მადრიდის "რეალთან" ნახევარფინალურ სტადიეზე.
"ბასბის ჩვილები" გამორჩეულები არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში და ეს არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან ლამაზ და ლაღ ფეხბურთს თამაშობდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ტრაგედიის საკუთარ თავზე გადატანა მოუწიათ.
< მესამე თავი