როგორც ბრიტანული გამოცემა mirror იტყობინება, "იუნაიტედმა", როგორც იქნა, მოახერხა და გადმოიბირა "საუთჰემტონის" ფრანგი "დირიჟორი", მორგან შნეიდერლინი. კლუბებმა რამდენიმე საათის წინ დაასრულეს მოლაპარაკება, რის მიხედვითაც "წმინდანები" ფრანგის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
შნეიდერლინი კლუბს ოთხშაბათს შეუერთდება, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. წინასწარი ინფორმაციით ახალწვეულის ხელფასი 100 ათასი ფუნტი იქნება კვირაში.
25 წლის ნახევარმცველის შეძენას ორი ლონდონური კლუბი, "არსენალი" და "ტოტენჰემიც" გეგმავდნენ, თუმცა ზემოთხსენებული თანხის გადახდა მხოლოდ "იუნაიტედმა" შეძლო.
აქვე სპორტული გამოცემა იუწყება, რომ "იუნაიტედი" ამაზე არ შეჩერდება და ედ ვუდვორდი ამჯერად ჰოლანდიურ გრანდთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, იასპერ სილენსენის თაობაზე. როგორც ცნობილია, ამსტერდამელები ნომერ პირველ კიპერში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.
ასევე, დიდი ალბათობით, ლუი ვან გაალი ეცდება კიდევ ერთი ყოფილი შეგირდის გადმობირებას, ლაპარაკია ბასტიან შვაინშტაიგერზე, რომელსაც ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბაიერნში" მუშაობის პერიოდში წვრთნიდა.
გერმანელი არ არის კმაყოფილი საკუთარი სიტუაციით, გუარდიოლა თანამემამულე ხაბი ალონსოს ანიჭებს უპირატესობას. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ყიდვას ინგლისური გრანდი 8 მილიონად აპირებს.