მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსის ტრანსფერის თაობაზე მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი 35 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება არ მიიღო, ესპანელები შიშობენ, რომ მცველი კლუბს დატოვებს.
"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა რამოსს პირადად დაურეკა, რათა ეცნობებინა, რომ კლუბისთვის ის კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მის მოთხოვნილებებს მას შემდეგ დააკმაყოფილებს, რაც რამოსი არდადეგებიდან დაბრუნდება.
მაგრამ რამოსმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 10-წლიანი კარიერის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს. მისი შეძენის მსურველი კი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელსაც მადრიდელებმა აცნობეს, რომ მცველის ტრანსფერისთვის 65 მლნ. ფუნტის გადახდა იქნება საჭირო.
არსებობს მოსაზრება, რომ სერხიო რამოსი "წითელი ეშმაკების" მხრიდან გამოჩენილ ინტერესს "რეალისგან" უკეთესი კონტრაქტის მიღებისთვის იყენებს, თუმცა "იუნაიტედს" მისი შეძენა გადაწყვეტილი აქვს და შესაძლოა მოლაპარაკებებში დავიდ დე ხეაც ჩართოს.