უეინ რუნის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლასთან ახლოს იქნება.
2014/15 წლების სეზონის ჯამში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდი მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლის მოლოდინშია.
ამ მიზნის მისაღწევად "იუნაიტედმა" უკვე დაიწყო ფეხბურთელების შეძენა და მემფის დეპაი გადაიბირა, სამომავლოდ კი სერხიო რამოსის, მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის კანდიდატურას განიხილავს.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანს, რომელიც გასულ სეზონში 14 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" ტიტულისთვის ბრძოლის ძალა შესწევს.
"მართლა მჯერა, რომ მომდევნო სეზონში უფრო შორს წავალთ და ლიგის ტიტულისთვის ბრძოლასთან ახლოს ვიქნებით.
თუ პირველ 10-11 მატჩს შეხედავთ, ჩვენ მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, შემდეგ კი ნახეთ რომელ ადგილზე დავასრულეთ სეზონი და ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი სტარტით მესამე ადგილზე მაღლაც გავიდოდით.
გუნდების უმრავლესობის წინააღმდეგ ვდომინირებდით, მაგრამ შანსებს ვერ ვიყენებდით და ასე რომ არ მომხდარიყო ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელს გუნდს, ჩემი და მწვრთნელის ჩათვლით, გვჯერა, რომ მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლასთან ახლოს ვიქნებით და ზაფხულს რამდენიმე შენაძენის განხორციელების შემთხვევაში ამის გაკეთების დიდი შანსი გვექნება.
რამდენიც შესაძლებელია, იმდენი თასი უნდა მოვიგოთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი ყოველთვის უნდა იგებდეს რამეს და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ამას მოვახერხებთ".