კლუბის ოფიციალური საიტი იწყებს ახალ საზაფხულო სერიებს - "სატრანსფერო სიები". პირველი სტატია კი ეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერს, პრემიერ ლიგის ერაში.
კლუბის ოფიციალური საიტი იწყებს ახალ საზაფხულო სერიებს - "სატრანსფერო სიები". პირველი სტატია კი ეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერს, პრემიერ ლიგის ერაში.
1. ერიკ კანტონა ("ლიდს იუნაიტედი" - 27/11/1192, 1,2 მილიონი ფუნტი) ბევრი ამ ტრანსფერს სერ ალექს ფერგიუსონის ერაში ყველაზე წარმატებულ გარიგებას უწოდებს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც "ლიდსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ ფოტერბიმ "იუნაიტედს" მიმართა დენის ირვინს თაობაზე. შეხვედრის დაწყებამდე იორკშაირული გუნდის მესვეურებს იმედი ჰქონდათ, რომ ყოფილ ფეხბურთელს უკან დაიბრუნებდნენ, თუმცა მოლაპარაკება ფერგიუსონის წიგნაკში ჩაწერილი "კანტონა?"-თი დამთავრდა. შეთავაზება გაკეთდა, საპასუხო ზარიც განხროციელდა და როგორც იტყვიან, დანარჩენი ისტორიაა.
2. ენდი კოული ("ნიუკასლ იუნაიტედი" - 12/01/1995, 6 მილიონი ფუნტი+კეით გილესპი) ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებამდე ყოველთვის დიდი მითქმა-მოთქმაა, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. "ნიუკასლის" მენეჯერი კევინ კიგანი არც კი ფიქრობდა ფანების საყვარელი "გოლების მანქანის" გაყიდვაზე, თუმცა ფერგიუსომა მას მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა. ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ "კაჭკაჭები" 1 მილიონ ფუნტად შეფასებულ ამომავალ ვარსკვლავს, კეით გილსეპის და 6 მილიონ ფუნტს მიიღებდნენ. ეს ბრიტანული ფეხბურთისთვის რეკორდული თანხა იყო, ამიტომ ყველასთვის დიდი შოკი იყო ამ საქმის ასე უცებ დასრულება.
3. ტედი შერინგემი ("ტოტენჰემ ჰოთსპური" - 27/06/1997, 3,5 მილიონი ფუნტი) "იუნაიტედი" იმ პერიოდში აქტიურად ეძებდა ერიკ კანტონას შემცვლელს, თომცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ეს 30 წელს გადაცილებული ფორვარდი იქნებოდა. შერინგემის ტრანსფერს წინ უძღოდა მისი უთანხმოება "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც ინგლისელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.
"მე და "იუნაიტედი" ერთ სტატიაში მხოლოდ მაშინ ვიყავით ნახსენები, როდესაც მარტინ ედვარდსმა ("იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი) განაცხადა, რომ მე ძალიან ბებერი და ძვირი ვიყავი" - იხსენებს ფორვარდი.
"ამის შემდეგ იმედი არ მქონდა, რომ ამ გუნდში მოხვდვებოდი. თუმცა როცა გავიგე, რომ ისინი სერიოზულად იყვნენ ჩემით დაინტერესებულები, ბევრი დარწმუნება აღარ დასჭირვებიათ."4. ენდი გორამი ("მაზერველი" - 22/03/2001, 100 000 ფუნტი) 36 წლის მეკარის ტრანსფერს ყველა უნდობლად უყურებდა, თავად ფეხბურთელიც კი. როგორც ამბობენ, როდესაც სერ ალექსი ტელეფონის საშუალებით პირველად დაეკონტაქტა "რეინჯერსის" ყოფილ ვარსკვლავს, მისგან გინება მიიღო, რადგან ის ფიქრობდა, რომ ეს ზარი მისი მეგობრის, ალი მაკკოისტის ხუმრობა იყო. ამ გარიგებას განსაკუთრებულს ის ფაქტიც ხდის, რომ იგი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ განხორციელდა. ფაბიენ ბარტეზისა და რაიმონდ ვან დერ გოუს ტრავმების გამო, "უეფამ" "მანჩესტერს" უფლება დართო, მეკარე ვადის ამოწურვის შემდეგ დაემატებინა.
5. ხუან სებასტიან ვერონი ("ლაციო" - 21/07/2001, 28,1 მილიონი ფუნტი) ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავის დამატებით, "იუნაიტედმა" დაამტკიცა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდი იყო.
"მე არ მეგონა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ერთ ფეხბურთელში ამდენს დავხარჯავდი" - აღიარა ფერგიუსონმა.
"თუმცა ეს არის ტრანსფერი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა განახორციელოს." არგენტინელი ფლეიმეიქერი მზად იყო იტალიის დასატოვებლად და "იუნაიტედს" გარდა, მას "რეალ მადრიდიც" იწვევდა.
"თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, თუ როგორ ხარჯავენ სხვა კლუბები ასეთ დიდ თანხებს, თუმცა "იუნაიტედი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუ საუკეთესო არა." - განაცხადა თავად ფეხბურთელმა.
6. ალან სმიტი ("ლიდს იუნაიტედი" - 26/05/2004, 7 მილიონი ფუნტი) ეს იყო ტრანსფერი, რომელსაც თავად ფეხბურთელიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან ალან სმიტი ბავშვობიდან "ლიდსის" დიდი გულშემატკივარი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც "ლიდსი" გასავარდნ ზონას მიუახლოვდა, ბევრი ჭორი გავრცელდა, რომ სერ ალექსს ინგლისელის ყიდვა სურდა.
"მე ხშირად განვიხილავდი ალან სმიტს სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თუმცა ყველა ეს საუბარი ერთი დასკვნით მთავრდებოდა: ''ის ლიდსის ბიჭია და ჩვენთან არასდროს გადმოვა'" - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
"თუმცა, როცა "ლიდსი" პრემიერ ლიგიდან გავარდა, გარდაუვალი იყო, რომ მისი შესალებლობების ფეხბურთელი იქ არ დარჩებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ მას ჩვენთან გადმოსვლა სურდა და არ აინტერესებდა წარსული. ეს მისი მხრიდან გაბედული ნაბიჯი იყო".
7. ჰენრიკ ლარსონი ("ჰელსინგბორგსი" - 01/01/2007, არენდა) ვეტერანმა ლარსონმა საფეხბურთო სამყარო გააოცა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედში" არენდით გადასვლით. მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდი თავს მშვენივრად გრძნობდა მშობლიურ შვედეთში, მან მაინც გადაწყვიტა, მცირე ხნით "ოლდ ტრაფორდზე" გადასულიყო. სერ ალექსს კარგად ახსოვდა ლარსონის შესანიშნავი ასპარეზი "სელტიკის" შემადგენლობაში და დარწმუნებული იყო, რომ ამ მცირე ხანში ის სარგებელს მოუტანდა გუნდს.
"ის შეიძლება აქ მცირე დროით არის, თუმცა ეს მცირე დრო სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება" - განაცხადა "იუნაიტედის" ბოსმა.
8. მაიკლ ოუენი ("ნიუკასლ იუნაიტედი" - 03/07/2009, უფასო) კრიშტიანო რონალდოს მიერ დატოვებული 7 ნომერი ყოფილ "ლივერპულელს" ერგო. "ნიუკასლში" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მას ბევრი მსურველი არ ჰყავდა ტოპ გუნდებიდან, სწორედ ამ დროს ყველასგან მოულოდნელად, იგი სერ ალექსმა დაიმატა გუნდში.
"ჩვენ მაიკლის სიტუაციას რამდენიმე თვე ვადევნებდით თვალს, მის აყვანამდე ყველაფერი კარგად შევაფასეთ. ვიცოდით, რომ მას კონტრაქტი უმთავრდებოდა, მე კი გუნდში ფორვარდის დამატება მსურდა. მაშინ ჩვენ ველოდებოდით პასუხს კარლოს ტევეზისგან, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა. შემდეგ შევეცადეთ, კარიმ ბენზემა შეგვეძინა, თუმცა ესეც არ გამოვიდა. საბოლოოდ, მაიკლზე შევაჩერეთ არჩევანი".
9. ხავიერ ერნანდესი ("ჩივას გუადალახარა" - 01/07/2010, 7 მილიონი ფუნტი) იშვიათი შემთხვევა, როდესაც "იუნაიტედმა" ყველაფერი ისე ჩუმად გააკეთა, რომ მხოლოდ მექსიკელის ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ. ტრანსფერი ოფიციალურად აპრილში დადასტურდა, მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" "მიუნხენის ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოაგდო. ამ თამაშს ესწრებოდა თვითონ ჩიჩარიტოც, რომელმაც შემდეგ განაცხადა:
"ამ დროს უბრალოდ მინდოდა მოედანზე გადავმხტარიყავი და თამაში დამეწყო". ერნანდესი "იუნაიტედის" წევრი ოფიციალურად ივლისში გახდა, მას შემდეგ, რაც შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და ორი გოლი გაუტანა არგენტინის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს.
10. რობინ ვან პერსი ("არსენალი" - 17/08/2012, 22,5 მილიონი ფუნტი) ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა თვლიდა, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი ყოფილი თანაგუნდელების (გაელ კლიში, კოლო ტურე, ემანუელ ადებაიორი) გზას გაჰყვებოდა და "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა. მას შემდეგ, რაც "არსენალის" კაპიტანმა უარი თქვა ახალ კონტრაქტზე, ლონდონელები ცუდ სიტუაციაში ჩავარდნენ. მათ ორი ვარიანტი ჰქონდათ, ან გაეყიდათ კლუბის ლიდერი, ან ერთი სეზონის შემდეგ უფასოდ გაეშვათ. "მეთოფეებისთვის" საუკეთესო ვარიანტი ფორვარდის "იუვენტუსში" გაშვება იყო, თუმცა თავად ფეხბურთელს "იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა სურდა. სერ ალექსმა პირადად დაურეკა არსენ ვენგერს და ტრანსფერის ფასი შეათანხმა.
"რობინი მსოფლიო კლასის ფორვარდია, რაც თავისი სტატისტიკით დაამტკიცა ინგლისსა და ევროპაში" - განაცხადა სერ ალექსმა ტრანსფერის დასრულების შემდეგ.
"მისი შესაძლებლობების გულშემატკივრებისთვის გაცნობა საჭირო არ არის".
წყარო:
ManUtd.com