ინგლისური ფეხბურთის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ლეგენდები საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
ოფიციალურად გადაწყდა, რომ ინგლისური ფეხბურთის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ლეგენდები 3 სექტემბერს ერთამენეთს დაუპირისპირდებიან საქველმოქმედო მატჩში. შეხვედრა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე" გაიმართება.
უკვე დადასტურებული ინფორმაციით "იუნაიტედის" მხრიდან ამ მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ დენის ირვინი და იესპერ ბლომქვისტი. რაც შეეხება "მერსესაიდელებს" მათ რიგებში ადგილი გარანტირებული აქვთ პატრიკ ბერგერს, იერზი დუდეკს, რობი ფაულერს, ლუის გარსიას, ბიორნ ტორ კვარმსა და ვლადიმირ შმიცერს. ეს შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ფონდების ინიციატივით გაიმართება.
მატჩის შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, დენის ირვინმა:
"როგორც ყოფილი ფეხბურთელები, მოუთმენლად ველოდებით ასეთი ტიპის მატჩებს და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დაპირისპირება გამოვა. მე "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდთან" დიდი ხანია ვთანამშრომლობ და ერთად ბევრი რამ გაგვიკეთებია ჩვენი საზოგადოებისთვის, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთი მატჩებით ხალხს დახმარებას ვუწევთ.""ფრენდს არენას" აღმასრულებელი დირექტორი ტომას პერსლანდი, დარწმუნებულია რომ ეს მატჩი დიდი წარმატება იქნება.
"ბედნიერები ვართ, რომ "ფრენდს არენაზე" ასეთი დონის კლუბებს მივიღებთ. ორივე გუნდს შვედეთში ძალიან დიდი გულშემატკივართა ბაზა ჰყავს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აქ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.""იუნაიტედის" ლეგენდები ნამდვილად არ უჩივიან ფიზიკურ ფორმას, მათ სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხეს "ბაიერნის" ლეგენდები, ანგარიშით 4-2. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის შედეგად "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდმა" 800 000 ფუნტი მიიღო.
წყარო:
ManUtd.com