ჯესი ლინგარდი მზად არის, ლუი ვან გაალს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს იმსახურებს.
რამდენიმე წინასასეზონო ტურნეზე შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, მათ შორის, გასულ წელს აშშ-ში, ლინგარდი საბოლოოდ "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტით დაჯილდოვდა და 2014/15 წლების სეზონის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, 24-ე წუთზე "სუონსის" წინააღმდეგ ჯესიმ ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ თებერვლამდე უქმობდა.
გასული სეზონი ლინგარდმა "დერბი ქაუნთიში" იჯარის წესით გაატარა, სადაც 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ კი, ჩეხეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც უკვე გამოიჩინა თავი და ინგლისის ნაკრებს შვედების წინააღმდეგ გამარჯვება მოუპოვა.
მატჩის შემდეგ კი, ლინგარდმა განაცხადა, რომ თავისი ბავშვობის დროინდელი საყვარელი გუნდის რიგებში თამაშს მოუთმენლად ელოდება: "იუნაიტედში" დარჩენასა და რამდენიმე მატჩის ჩატარებას ველოდები. ვნახავ, რას მეტყვის მწვრთნელი, როცა დავბრუნდები.
ყოველთვის მინდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და ახლაც ამის ამბიცია მაქვს. ძალიან არ გამიმართლა, როცა ტრავმა მივიღე გასული სეზონის სტარტზე და არასდროს მეცოდინება, სად ვიქნებოდი, მაშინ რომ არ დავზიანებულიყავი.
ასეთი გოლების გატანა მხოლოდ გეხმარება. გამაღლებს და სხვა გუნდები ამას ხედავენ, ისევე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი". ეს კი მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩემთვის. გასულ სეზონში ლუი ვან გაალთან კონტაქტი მქონდა და 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელსაც ვესაუბრებოდი. მან გზა მიმითითა და თავდაჯერებულობა შემძინა".