"მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალის" შემოთავაზებას დე ხეას ტრანსფერის შესახებ მხოლოდ გაცვლის შემთხვევაში დათანხმდება. როგორც the Guardian წერს, ინგლისელებს სურთ მადრიდული კლუბის 29 წლის ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის გადაბირება. რამოსს ესპანეთის ნაკრებში 128 თამაში აქვს ჩატარებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 180 მილიონ ევროს შეადგენს. 2011 წელს გაფორმებული კონტრაქტი მას "რეალთან" 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.
დე ხეას შესახებ "რეალმა" "იუნაიტედს" ერთხელ უკვე მიმართა, როდესაც დავიდის ნაცვლად "ეშმაკებს" 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღეს. ესპანელ კიპერს ამჟამინდელ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი. მანჩესტერს კონრეტული მოთხოვნა აქვს:გინდათ დე ხეა? დაგვითმეთ რამოსი. სერხიოს "რეალში" 10 სეზონი აქვს გატარებული. ის სამეფო კლუბში "სევილიადან" 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ის გუნდის ვიცე-კაპიტანია, მაგრამ მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის შესახებ ჩიხში შევიდა.
როგორც ცნობილია, ჯერ-ჯერობით "რეალისთვის" წინადადებით არავის მიუმართავს. გავრცელდა ხმები, რომ "ბარსელონა" აპირებს რამოსის შეძენას, მაგრამ თავად მადრიდელები ამას არ ადასტურებენ.