წინასასეზონო ტურნე, სადაც ბევრი მოთამაშის ბედი წყდება.
ლუი ვან გაალმა გასულ წელს, სწორედ სეზონის წინ ტურნეზე დაკვირვების შემდეგ შეიტანა კორექტივები შემადგენლობაში, დარწმუნებული ვარ წელსაც ასე მოხდება და შემოგთავაზებთ იმ 5 მოთამაშეს, რომლებმაც სწორედ შტატებში უნდა მოახდინონ შთაბეჭდილება ჰოლანდიელზე.
ლუკ შოუგასულ წელს შოუმ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შემდეგ მხოლოდ უარყოფითი შეფასებები მიიღო ლუისგან, ჰოლანდიელი მის ფიზიკურ კონდიციებს იწუნებდა. ვან გაალი მართალი აღმოჩნდა, ახალგაზრდა ინგლისელმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ტრავმაც მიიღო, რის გამოც პრემიერ ლიგის საწყისი 6 ტურის გამოტოვება მოუწია. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, სეზონში ლუკმა 8-ჯერ მიაშურა ლაზარეთს და საერთო ჯამში მხოლოდ 15-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. იგი არ გამოიძახეს 21-წლამდე ნაკრებში, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატზეა, ეს უნდა წაადგეს მას, რადგან წინასასეზონო ტურნეს სრულიად დასვენებული და ენერგიით სავსე შეხვდება. მან კარგი ფორმა უნდა აკრიფოს, თუკი სურს მარკოს როხოსა და დეილი ბლინდს აჯობოს და გახდეს ძირითადი მარცხენა მცველი "იუნაიტედში".
ვიქტორ ვალდესიროგორც ჩანს, დე ხეა სამშობლოში გადაბარგდება და სამეფო კლუბში გააგრძელებს კარიერას. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, თითქოს "იუნაიტედი" უგო ლორისითა და პეტრ ჩეხით არის დაინტერესებული ვიქტორ ვალდესს აქვს შანსი სწორედ იგი გახდეს თანამემამულის შემცვლელი. დაახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ, მან "ჰალ სიტისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თუკი ვიქტორი ტურნეზეც კარგად წარმოაჩენს თავს, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს იგი პირველი ოფცია. ვფიქრობ, მეკარე, რომელსაც 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და კიდევ ძალიან ბევრი ტიტული, ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ არის.
ფილ ჯონსისეზონის სტარტზე ვან გაალი ძალიან იშვიათად თუ ტოვებდა ფილს ძირითადს მიღმა, რამდენჯერმე მან საკუთარი წესიც კი დაარღვია და ტრავმის შემდეგ მალევე დააბრუნა ინგლისელი. სეზონის მიწურულს კი სიტუაცია შეიცვალა, პრიორიტეტი კრის სმოლინგი გახდა, რომელმაც მართლაც შესანიშნავი მეორე წრე ჩაატარა. ამასთან "იუნაიტედი" დიდი ალბათობით მაღალი დონის მცველს იყიდის, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ჯონსს საქმეს. სწორედ ამ მიზეზების გამო, ფილმა ტურნეზევე უნდა სცადოს მწვრთნელისთვის პირველი არჩევანი გახდეს.
ადნან იანუზაი2013/14 წლების სეზონის კარგად ჩატარების შემდეგ ადნანს ვან გაალის ხელში გაუჭირდა პირველ გუნდში ფეხის მოკიდება. ბელგიელმა ვერ მიიღო სასურველი რაოდენობის დრო გასულ წელს, დაიწყო რა მხოლოდ 8 შეხვედრა ძირითადში. მის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ "იუნაიტედმა" მემფის დეპაი გაიფორმა. დამეთანხმებით კონკურენცია ერთი-ორად გაიზარდა. იანუზაის ეძლევა შანსი თავი წარმოაჩინოს და დაუმტკიცოს ლუის რომ მას მეტი დრო ეკუთვნის, მაგრამ თუ ახალგაზრდა ბელგიელმა ეს ვერ შეძლო დიდი ალბათობით ხავიერ ერნანდესის და ტომ ქლევერლის გზას დაადგება.
რობინ ვან პერსითუკი ვან გაალი მომავალ სეზონშიც 4-3-3 სქემით გააგძელებს თამაშს, მაშინ მას არ დასჭირდება ახალი ფორვარდების ძიება, რადგან უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და ჯეიმს უილსონიც გაართმევენ საქმეს თავს. თუმცა რობინზე დაყრდნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი იგი საუკეთესო ფორმას აღიდგენს. გასულ წელს მან გამოტოვა წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი, რადგან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გავიდა, ახლა კი მას არაფერი უშლის ხელს. როგორც ინტერვიუში განაცხადა, იგი საუკეთესო ფორმაშია, თუმცა ეს მოედანზე უნდა დაამტკიცოს და არა კამერების წინ.