ჰარი კეინმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მისდამი გამოვლენილი ინტერესი ახარებს, მაგრამ ის უკვე იმყოფება დიდ კლუბში.
ინგლისელი ფორვარდი ლუი ვან გაალის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, რადგან ვან გაალს თავდასხმის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება სურს.
"იუნაიტედი" მზადაა ფეხბურთელში 40 მლნ. ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი აცნობიერებს, რომ "დეზებს" კეინთან განშორება არ სურთ.
თავად 21-წლის კეინმაც აღიარა, რომ წასვლის არავითარი სურვილი არ აქვს.
"დეზებთან" ერთად ბედნიერი ვარ და მომავალსაც მათ ვუკავშირებ. სხვა კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებ მსმენია და ეს ყველაფერია, რაც მე ვიცი.
სასიხარულოა სხვა კლუბების ინტერესის მიპყრობა, მაგრამ "ტოტენჰემიც" ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, სწორედ ასე უნდა მიუდგეს ხალხი ამ საკითხს. მე დიდ კლუბში ვარ".