ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულ ედვინ ვან დერ სარს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროარენაზე წარმატების მიღწევა ფინანსების დახმარებით შეუძლია.
"იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგა პირველად 1995 წელს ლუი ვან გაალის "აიაქსთან" ერთად მოიგო, მეორე კი- 2008 წელს მოსკოვის დრამატულ ფინალში.
ამასთან, ვან დერ სარს "აიაქსთან" ერთად ერედივიზის სამი ტიტული აქვს მოპოვებული, "იუნაიტედთან" ერთად კი პრემიერ ლიგის 4 თასი.
"აიაქსის" წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე იყო შედეგი კლუბის ახლებურად შენებისა, რომელიც ვან გაალმა 1991 წელს ამსტერდამული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეო ბინჰაკერის ჩანაცვლების შემდეგ დაიწყო.
სერ ალექს ფერგიუსონის შემთხვევაში კი, ეს იყო წარმატება დომინანტი გუნდისა. ახლა ვან გაალის ევრო და საშინაო გამოწვევა გაცილებით რთულ ვითარებაში ხდება. "განსხვავებულია. ადრეულ 90-ანებში, როცა ლუიმ გუნდი ჩაიბარა, "აიაქსი" ყოველთვის ახალგაზრდული გუნდი იყო - მთლიანად აკადემიას ეყრდნობოდა.
შესაძლოა, "იუნაიტედის" Class 92-საც კი შეადარო, რადგან იქაც გამოზრდილი ფეხბურთელები თამაშობდნენ და კიდევ რამდენიმე შენაძენი.
ლუის ხელმძღვანელობით, მისი ტექნიკური ხედვითა და სულით, "აიაქსში" ახალი ფეხბურთი დაინერგა.
მაგრამ სრულიად სხვა სიტუაციაა "იუნაიტედში" და მან ბევრი რამე უნდა განაახლოს. იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს და მომდევნო წელს "იუნაიტედი" კვლავ იბრძოლებს ტიტულისთვის.
პრემიერ ლიგა რთული ლიგაა, ფული ხელმისაწვდომია, ამიტომ წარმატების შანსი არსებობს, მაგრამ არც სხვა გუნდები იქნებიან გულხელდაკრეფილები.
იმ დროს, როცა ჩემპიონთა ლიგა "აიაქსთან" ერთად მოვიგე, ტურნირზე მხოლოდ ჩემპიონები თამაშობდნენ. ახლა კი, საუკეთესო 4 ჩემპიონატის საუკეთესო 4 გუნდი თამაშობს, რაც ყველაფერს ართულებს.
ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, მოახერხებდა თუ არა "აიაქსი" იმავე დონეზე დაბრუნებას, მაგრამ საუკეთესო მოთამაშეები ესპანეთში, გერმანიასა და ინგლისში არიან.
თუ ტურნირზე საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდები, მაშინ ,ალბათ, "ბარსელონას" შეხვდები და ვთქვათ, მოიგე. შემდეგ გიწევს "ჩელსი" და ვთქვათ, ისევ მოიგე. მაგრამ შემდეგ გიწევს ''პსჟ'' და ისევ მოიგე, ფინალში უკვე მადრიდის "რეალს" ხვდები - ამიტომ საშუალო დონის ქვეყნის გუნდისთვის ეს ძალიან რთულია.
ეს არის რელობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" კომერციული შემოსავლებითა და ლუი ვან გაალის მუშაობით, კვლავ იბრძოლებს ტიტულისთვის", - განაცხადა ვან დერ სარმა.