"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი კოულმა კლუბს მოუწოდა, რომ ჰარი კეინის შეძენისგან თავის შეიკავოს და მის ნაცვლად თანხა აგუეროს გადაბირებას მოახმაროს.
2014/15 წლების სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 21 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა სიაში სადებიუტო სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები მზად არიან კეინში 50 მლნ. ფუნტი გადაიხადონ და ამასთან ერთად ნანი, იანუზაი და ჩიჩარიტო შესთავაზონ "დეზებს".
მაგრამ კოული, რომელმაც ინგლისის 20-გზის ჩემპიონთა რიგებში 121 გოლი გაიტანა, თვლის, რომ კეინში ასეთი თანხის გადახდა სულელური ნაბიჯი იქნება და ამის ნაცვლად მათ აგუეროს შეძენა უნდა სცადონ.
"ჰარი კეინის შესახებ საუბრებია. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მაგრამ შეუძლია ამის გამო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა? თუ ეს სიმართლეა, "მანჩესტერ იუნაიტედს" ის მისცემს იმას, რაც სჭირდებათ?
ვფიქრობ, ბავშვი ნიჭიერია. ეს უნდა ვაღიაროთ. მას ჰქონდა ნახევარსეზონი, როცა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული.
რამდენიმე გოლიც გაიტანა. მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან პრემიერ ლიგაში მეორე სეზონი ყოველთვის რთულია და თუ ისე მოხდება, რომ ის "ტოტენჰემს" დატოვებს და "იუნაიტედში" გადავა, გულშემატკივარი მთელს იმედს მასზე დაამყარებს, რაც ასეთი თანხის სანაცვლოდ გაკეთებული შენაძენის შემდეგ უდიდესი ზეწოლა იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპასა და ჩემპიონატში ტიტულისთვის ბრძოლა სურს, ის კი მხოლოდ ბავშვია და ჯერ კიდევ სწავლობს.
ვინც არ უნდა მოვიდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ თავდასხმაში, დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. მაგრამ მაინც უნდა შეიძინონ და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 60 მლნ. ფუნტს დავხარჯავდი სერხიო აგუეროში, რადგან ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფორვარდია.
კარგ ფორმაში მყოფი, გამტანი, ის დაუჯერებელია. წარმოგიდგენიათ რუნის გვერდით მოთამაშე აგუერო, ცუდი არ იქნება, არა?" - განაცხადა კოულმა.