უკეთ გავიცნოთ არგენტინელი ცენტრალური მცველი.
როგორც ბრიტანული და ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" არგენტინელი ცენტრალური მცველის შეძენით არის დაინტერესებული.
ჩვენ ვეცდებით უკეთ გავიცნოთ "ვალენსიას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი, ნიკოლას ოტამენდი.
დოსიესრული სახელი: ნიკოლას ჰერნან გონსალო ოტამენდი
ასაკი: 27
პოზიცია: ცენტრალური მცველი
კლუბი:"ვალენსია"
ეროვნული ნაკრები: არგენტინა (19 მატჩი, 1 გოლი)
უკანასკნელი ცნობები მის მომავალთან დაკავშირებითჭორების თანახმად, ნილოლას ოტამენდი არის მცველი, რომლის გარშემოც ლუი ვან გაალი ეცდება ააშენოს "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანა ხაზი. თავად ფეხბურთელიც დიდი სიამოვნებით გამოიცვლის კლუბს და გახდება "ეშმაკი".
არგენტინელის ამჟამინდელი კლუბი თითქმის შეეგუა მის წასვლას, თუმცა "ღამურები" აპირებენ მხოლოდ სარფიან წინადადებას დათანხმდნენ და მცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
მაისში, ერთ-ერთ ინტერვიუში "ვალენსიას" პრეზიდენტმა განაცხადა:
"თუკი ნიკოლასი წასვლას გადაწყვეტს, ის და არა მისი აგენტი, მსურველ კლუბთან ერთად უნდა შეხვდეს ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას და გადაიხადოს ის თანხმა, რომელსაც მოვითხოვთ - მინიმუმ 50 მილიონი ევრო და გადახდა ისე უნდა განხორციელდეს, როგორც ეს "ვალენსიას" აწყობს."თუ ოტამენდი გადაწყვეტს დატოვოს "ვალენსია" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს, იგი დაცვაში დიდი ხნის მეგობარს და თანამემამულე მარკოს როხოს შეუერთდება. შესაძლოა ეს არ ნიშნავდეს არაფერს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სწორედ როხომ ტვიტერზე ფავორიტებში დაამატა ერთ-ერთი ფანის პოსტი, რომელშიც ქომაგი მარკოსს მოუწოდებდა ოტამენდისთან ესაუბრა და "იუნაიტედში" გადმოსვლაზე დაეთანმებინა. დასკვნები თავად გააკეთეთ.
Sky Sports-ის ესპანელი ექსპერტი, გილემ ბალაგე, გაოცებული იყო 27-წლის მცველის ასპარეზობით და ლა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შეიყვანა იგი.
ბალაგე ამბობს:
"გუნდის წარმატებაში და იმაში, რომ "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება, უდიდესი წვლილი მიუძღვის არგენტინელ ცენტრალურ მცველს. იმის გარდა, რომ ოტამენდი მის უშუალო მოვალეობას, კარის დაცვას, შესანიშნავად ასრულებს, მას შეუძლია ისეთი გადამწყვეტი გოლების გატანა, როგორიცაა "რეალის" კარის აღება, ამით დასრულდა მადრიდელთა მრავალმატჩიანი წაუგებელი სერია." "იუნაიტედი" ამ ზაფხულს, ცენტრალური მცველების აქტიურ ძიებაშია და მას შემდეგ, რაც "დორტმუნდის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰუმელსი არ იყიდება, ოტამენდი "წითლების" ნომერ პირველი არჩევანი უნდა იყოს.
გამოცდილებაოტამენდი ელ ტალარში დაიბადა, ბუენოს-აიერსის გარეუბანში. იგი ბავშვობიდან ფეხბურთით და კრივით არის დაკავებული. ნიკოლასი ბიძაშვილთან ერთად ვარჯიშობდა ხოლმე სპორტ დარბაზში და პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა ძლიერი ფიზიკური მონაცემებით.
კარიერა ახალგაზრდულ კლუბში "ველეს სარსფილდში" დაიწყო, რადგან მის სახლთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს კლუბი ვარჯიშობდა. პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ დედა ეხმარებოდა შეეყვარებინა დაცვის გულში თამაში. მისი აღმზრდელი მწვრთნელი რიკარდო გარეკი ახლა პერუს ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში.
2009 წელს, 21 წლის ასაკში იგი სამხრეთ-ამერიკის კონტინეტის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც გამოცემა El Pais-მა შეადგინა. ჟურნალისტებმა მას წლის აღმოჩენაც კი უწოდეს. მიუხედავად ასაკისა, ნიკოლასი რეგულარულად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში და თავდამსხმელებს ცხოვრებას უმძიმებდა, როგორც კლუბში ისე ნაკრებში.
2010 წლისთვის მას ნაკრებში უკვე 10 მატჩი მოუგროვდა, მათგან ყველაზე გამორჩეული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. სწორედ სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ გაემგზავრა ოტამედი ევროპაში და პორტუგალიურ "პორტუს" შეუერთდა. "დრაკონებმა" მის სანაცვლოდ 4 მილიონი გადაიხადეს. არგენტინელს შესანიშნავი სტარტი ჰქონდა, მან პირველივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
სადებიუტო სეზონში "პორტუმ", ანდრეს ვილაშ-ბოაშის ხელმძღვანელობით ტრებლი გაახერხა, მოიგო რა პორტუგალიის ლიგა, თასი და ევროპის ლიგა, რომელშიც რადამელ ფალკაოს ერთადერთი გოლით დაამარცხეს "ბრაგა". ოტამენდიმ ოქროს მედლების შეგროვება განაგრძო და ზედიზედ ორი წელი ხდებოდა ქვეყნის ჩემპიონი.
2014 წლის თებერვალში, არგენტინელმა გადაწყვიტა ძალები პრიმერაში მოესინჯა და "ვალენსიაში" გადასვლას დათანხმდა, თუმცა სეზონი პორტუგალიაში ჩაამთავრა.
"ღამურებს" ოტამენდის ტრანსფერი 12 მილიონი ფუნტი დაუჯდათ და აჯობეს "ჩელსის", "ბარსელონასა" და "მილანს". "მესტალიაზე" გადაბარგების შემდეგ, იგი მშობლიურ კონტინენტზე დაბრუნდა და ზაფხული "ატლეტიკო მინეიროში" გაატარა.
2014/15 წლების სეზონის სტარტისთვის იგი "ვალენსიაში" დაბრუნდა და ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კლუბს დაეხმარა მე-4 ადგილის დაკავებაში და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში. "ღამურებს" ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავდათ, მათ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს (32), "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შემდეგ.
მისი სათამაშო სტილიოტამენდისთვის კომფორტული ცენტრალური მცველის პოზიციაა, 184 სანტიმეტრი სიმაღლის არგენტინელი საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად მოქმედებს ბურთით.
მსოფლიო ჩემპიონატზე, დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით იგი დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, მარკოს როხოს მსგავსად მასაც რამდენიმე ფუნქციის შეთავსება შეუძლია.
პრემიერ ლიგის სათამაშო სტილი და სისწრაფე შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს გადაწყვეტილების მიღებისას. იგი ხომ თითქმის ერთი სტილის ჩემპიონატებში თამაშობდა: არგენტინა, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია.
მოერგება იგი გუნდს?მოკლედ რომ ვთქვათ - კი, მოუწევს. ოტამენდი ახლა 27 წლისაა, თითქმის ფორმის პიკში იმყოფება. იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც "ვალენსია" ითხოვს მისგან დაუყოვნებლივ "ჩართვას" და დაცვის ლიდერობას მოითხოვენ.
მას არ მიეცემა დრო შესაგუებლად, როგორც ეს ახალგაზრდა მოთამაშეების შემთხვევაში ხდება. ნიკოლასი გამოცდილია, სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული, ევროტურნირები მისთვის უცხო არ არის. მას შეუძლია გახდეს საჭირო ფიგურა "იუნაიტედში".
ვან გაალისთვის ერთადერთი დაბრკოლება კოპა ამერიკაა, სადაც ეროვნული ნაკრების დასაცავად ოტამენდიც გაემგზავრა. თუკი არგენტინა ფინალში გავა, რაც სავსებით რეალურია, მაშინ "იუნაიტედის" წარმომადგენლები წინასასეზონო ტურნეს გამოტოვებენ, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის კარგი ამბავი არ უნდა იყოს.