ესპანელს თანამემამულე ჩაანაცვლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას წასვლისთვის ემზადება.
მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეასადმი ინტერესს იჩენს და თავად ფეხბურთელსაც სურს მადრიდში გადასვლა, ლუი ვან გაალი კი ესპანელი კიპერის შემცვლელს ეძებს.
ჰოლანდიელი სპეციალისტი დე ხეას დატოვებას ეცადა და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, რომლის თანახმად დე ხეა კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებდა ხელფასის სახით, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "რეალისგან" შეთავაზებული თანხა.
მაგრამ ეს კონტრაქტი კვლავ ხელმოუწერელი რჩება, რითაც "რეალი" ისარგებლებს და ბორისოვში ბელარუსიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ დე ხეას გადაიბირებს, რათა იკერ კასილიასი ჩაანაცვლოს, რომელიც თავის მხრივ "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდება.
ორ კლუბს შორის შეთანხმება კვლავ მიუღწეველია, თუმცა "იუნაიტედი" თავის მოთამაშეში დაახლოებით 25 მლნ. ფუნტს ითხოვს. ვან გაალს კი ტრანსფერში კარიმ ბენზემას ჩართვაც სურს.
ნათელია, რომ 24-წლის კიპერი "იუნაიტედს" აუცილებლად დატოვებს, მის შემცვლელად კი არსებული მდგომარეობის მიხედვით ვიქტორ ვალდესი მოიაზრება, რადგან დე ხეას სავარაუდო შემცვლელები - პეტერ ჩეხი და უგო ლორისი - "იუნაიტედში" არ გადავლენ.
ჩეხ მეკარეს საცხოვრებელი ქალაქის გამოცვლა არ სურს, ამიტომ "არსენალს" აირჩევს, ხოლო უგო ლორისის გაყიდვა "დეზებს" არ სურთ.
წყარო:
dailymail