ანდრეს პერეირას განცხადებით, თავისი მთავარი მიზანი მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში თავის დამკვიდრება იქნება.
ამჟამად ნიჭიერი ნახევარმცველი "ბრაზილიის" ნაკრების 20 წლამდელთა გუნდს ეხმარება "მსოფლიო ჩემპიონატზე", ახალ ზელანდიაში. მისი ნაკრები უკვე მერვედფინალში იმყოფება, სადაც მორიგ შეხვედრას ხვალ (თბილისის დროით 11:30-ზე) გამართავს, ურუგვაის წინააღმდეგ.
ბრაზილიელმა ცოტა ხნის წინ ჩაწერა ინტერვიუ "Inside United"-თან, სადაც ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე "იუნაიტედში" და განაცხადა, რომ სურს რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩაატაროს "პრემიერ ლიგაში".
"პირველი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა მოვახერხე. ახლა ბევრი მუშაობა მომიწევს იმისათვის, რომ ძირითადის წევრი გავხდე, ამის შემდეგ ვნახავ, როგორ განვითარდება ყველაფერი. აქამდე მთელ ყურადღებას ფეხბურთს ვაქცევდი და ბევრს არ ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. თუმცა ახლა უკვე კონტრაქტი მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მე ისევ გავაგრძელებ სათამაშო ფორმის გაუმჯობესებას და ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად ჩავატარებ მომავალ წლებს."
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ამაყი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება რეალობად ვაქციე."
"ჩემი დებიუტი "ტოტენჰემთან" ოცნებას ჰგავდა. მსიამოვნებდა ყოველი მომენტი, გარდა ამისა, ამ მატჩში გამარჯვებაც მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიმართლე გითხრათ, როდესაც მოედანზე შემოვედი თავი სიზმარში მეგონა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიდეო თამაშს ვთამაშობდი, თუმცა მალე შევეჩვიე. მე უბრალოდ მსურდა გუნდს დავხმარებოდი. არ მიფიქრია, რომ დავიღლებოდი, უბრალოდ ვცდილობდი მერბინა რაც შეიძლება სწრაფად."