მარკ ვან ბომელი "იუნაიტედის" ლეგენდას აქებს.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ვან ბომელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის, პოლ სქოულზისადმი დადებითი სიტყვები არ დაიშურა.
ვან ბომელი და სქოულზი მოედანზე ერთმანეთს პირველად 2000 წლის სექტემბერში შეხვდნენ, როცა "პსვ ეინდჰოვენმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3-1 გამარჯვებით მსოფლიო გააოცა. მაშინ ორივე ზემოაღნიშნულმა ფეხბურთელმა მოახერხა "ფილიპს სტედიუმზე" თავის გამოჩენა.
ერთი თვის შემდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედმა" იმავე ანგარიშით იმარჯვა და სქოულზმა მაშინაც გაიტანა ერთი გოლი, ამის შემდეგ კი ვან ბომელისა და სქოულზის დაპირისპირება 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრამდე არ შემდგარა - იმ წელს "ბაიერნმა" გასვლაზე გატანილი ბურთების წყალობით შემდეგ ეტაპზე გააღწია.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერა 2013 წელს დაასრულა, თუმცა შარშან "ალიანს არენაზე" ჩატარებულ ლეგენდათა შეხვედრაში, რომელიც 3-3 დასრულდა და რომლისგან შესული თანხა მთლიანად გერმანული გრანდის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხა, ვან ბომელი კვლავ გამოჩნდა მოედანზე.
საპასუხო შეხვედრა კვირას "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება და ამჯერად მთელი შემოსული თანხა "მანჩესტერ იუნაიტედის" საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, მარკი კი მოუთმენლად ელოდება "იუნაიტედის" ლეგენდასთან შეხვედრას.
"კლუბის ხატება პოლ სქოულზი ერთადერთია, ვინც "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში ჩემზე ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება. ჩვენი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ არ შევხვედრილვართ ერთმანეთს მოედანზე. ყოველთვის თაყვანისცემით ვუყურებდი მის ჭკვიანურ გადაადგილებას და შორი მანძილიდან დარტყმის უნარს. ამასთან ერთად, მისი ტექნიკური უნარები და პასის აკურატულობა გასაოცარი რამ იყო. სქოულზი ნამდვილი ლეგენდაა", - განაცხადა მარკ ვან ბომელმა.
წყარო:
manutd.com