"ჩელსის" მეკარე პეტერ ჩეხი მზადაა თავისი სამომავლო კარიერა მომდევნო კვირაში გადაწყვიტოს.
33-წლის კიპერი ინგლისის ჩემპიონთა რიგებს 11-წლიანი კავშირის შემდეგ ტოვებს, რადგან ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონშიც, ისევე როგორც გასულში, მთავარ აქცენტს ტიბო კურტუაზე გააკეთებს.
პეტერის სამსახურით "არსენალი" ინტერესდება და თავად მეკარესაც სურს "მეთოფეთა" რიგებში დარჩენა, რადგან ასეთ შემთხვევაში ქალაქის გამოცვლა არ მოუხდება.
თუმცა გასულ თვეს "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მოურინიოს ორ სხვა ადამიანთან ერთად შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩეხის აგენტი ვიქტორ კოლარი გახლდათ.
დავიდ დე ხეა ახლო მომავალში მადრიდის "რეალში" გადავა, "იუნაიტედი" კი მის შემცვლელს ჩეხის სახით ხედავს.
"პირველ რიგში კლუბთან წასვლის პირობები უნდა შევათანხმო. მომდევნო კვირაში "ჩელსის" წარმომადგენლებს შევხვდები. ამჟამად ისინი მოლაპარაკებებს ჩემს აგენტთან მართავენ. როცა ყველაფერი ნათელი გახდება და ყველა ბანქო გაიხსნება, შემდეგ გადავწყვეტთ.
გამომდინარე იქიდან, რაც კლუბისთვის გამიკეთებია და რაც კლუბს გაუკეთებია ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ორივეს დაგვაკმაყოფილებს.
ნებისმიერი შეთავაზებისთვის ვარ მზად, დამოუკიდებლად ქვეყნისა. გადაწყვეტილებას იმაზე დაფუძნებით მივიღებ, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იქნება კარგი. მნიშვნელობა არ აქვს ესპანეთი იქნება, ინგლისი თუ საფრანგეთი.
თუ გადავალ, სირთულეებს გამოვიწვევ. ყველაფერი უნდა შევცვალო, მოვძებნო სახლი, სკოლა ბავშვებისთვის და მისთ.
თუმცა, რაც მალე მეცოდინება ყველაფერი, მით უკეთესი. შემეძლება ყველაფერი დავგეგმო და სეზონის დაწყებამდე დასვენებაც კი მოვასწრო", - განაცხადა ჩეხმა მეკარემ.