"ტოტენჰემის" გოლკიპერმა, უგო ლორისმა განაცხადა, რომ მას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ჭორებს, რომლის მიხედვითაც ფრანგი ლონდონს დატოვებს.
რამდენიმე კვირის განმავლობაში, უგო ლორისს სისტემატიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც მან, სავარაუდოდ დავიდ დე ხეა უნდა შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით "რეალ მადრიდში" გადაბარგდება.
ლორისი, მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ღიად არ საუბრობს, რაც "ტოტენჰემისა" და მისი ქომაგების ერთგვარი პატივისცემაა, მაგრამ ფრანგი კიპერი აღიარებს, რომ მას ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება.
"მე ჯერ კიდევ "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ვარ, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლამდე მაკავშირებს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ კლუბს, მთავარ მწვრთნელს და ყველა აქ მომუშავე პერსონალს, ასე რომ, არ მსურს ამაზე საუბარი.
რა თქმა უნდა, ყველას სურს უმაღლეს საფეხურზე ასვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ კიდევ მომიწევს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა" - განაცხადა ლორისმა SkySports-თან ინტერვიუში.