"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ ყოფილი ნახევარმცველი, ტომ ქლევერლი, კარიერას ლივერპულის "ევერტონში" გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე დაადასტურა როგორც "იუნაიტედის", ისე "კანფეტების" ოფიციალურმა საიტებმა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 1 ივლისს გაფორმდება, მას შემდეგ რაც მისი არსებული კონტრაქტი ამოიწურება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ევერტონი" ინგლისელ ახალგაზრდას უფასოდ მიიღებს.
ქლევერლი, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის ტიტული აქვს მოგებული, გასული სეზონში იჯარის წესით "ასტონ ვილაში" თამაშობდა და 31 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ტომი "იუნაიტედში" 2000 წლიდან ირიცხება, იგი ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში, მისი დებიუტი 2008 წლის 24 ივლისს, წინასასეზონო ტურნის პერიოდში შედგა. მას შემდეგ "ეშმაკების" მაისურით 88 შეხვედრა გამართა და 5 გოლიც გაიტანა.
მისი ტრანსფერით მოხარულია რობერტო მარტინესი და იმედი აქვს, ტომი გუნდს გააძლიერებს:
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგი ძალიან კარგად შეეწყობა ჩვენს გუნდს. ჩვენ მომავლის გუნდის აშენებას ვაპირებთ, ამიტომ მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება, ამასთან ტომი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.
25 წლისას მას არაერთი ტიტული აქვს მოგებული და რთულ შეხვედრებშიც რეგულარულად თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, "ევერტონის" ქომაგების გვერდში დგომით ის ბევრს მიაღწევს. როდესაც მისი დონის მოთამაშის უფასოდ გაფორმების საშუალება არის, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა."