ანხელ დი მარიამ მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშის სურვილი გამოთქვა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალებს არ აღემატება.
კლუბის სარეკორდო შენაძენმა სეზონი წარმატებით დაიწყო და 5 მატჩში სამი გოლი გაიტანა. თუმცა შემდეგ ძალიან უკლო და ძირითადში ადგილი ეშლი იანგს დაუთმო.
სეზონის ბოლო შეხვედრაში ორი თვის განმავლობაში პირველი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა.
არგენტინელი დანებებას არ აპირებს და კოპა ამერიკადან დაბრუნების შემდეგ თავისი კლუბის რიგებში წარმატების მიღწევის იმედს იტოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი პირველი სეზონი ახლახან დავამთავრე. ახლა კოპა ამერიკაზე ვითამაშებ, შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
ჩემთვის რთული სეზონი გამოდგა. რთული იმიტომ, რომ სხვა ქვეყანასა და ლიგაში მოვხვდი, ეს ლიგა კი ესპანურთან შედარებით გაცილებით რთულია. ამიტომ ისე ვერ შევეგუე, როგორც მსურდა.
ლა ლიგა და პრემიერ ლიგა სრულიად განსხვავდება. პრემიერ ლიგა ფიზიკურად უფრო ძლიერი ჩემპიონატია. ადვილი სულაც არ იყო", - განაცხადა დი მარიამ.