მარუან ფელაინის ვრცელი ინტერვიუ, სადაც იგი კლუბზე, სეზონზე და საკუთარ პერფორმანსზე საუბრობს.
გასული საფეხბურთო წელი ბელგიელი ნახევარმცველისთვის დადებითი გამოვიდა, განსხვავებით 2013/14 წლების სეზონისგან, გულშემატკივარი მასზე სიმღერებს წერს, მის მაუსურებს ყიდულობს და მატჩის წინ სიხარულით სკანდირებს გვარს.
მარუანიც თავაწეული დადის მანჩესტერის ქუჩებში და სახეზე ღიმილი დასთამაშებს, სიამოვნებით იღებს სურათებს და პატარა ქომაგებს თმაზე შეხების საშუალებასაც აძლევს.
ალბათ სიტუაციის ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, შესაძლოა თავად მარუანიც კი, რომელიც სადებიუტო სეზონში მედიის კრიტიკის ობიექტი თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ ხდებოდა.
ვან გაალის მოსვლის შემდეგაც კი, მისი საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ იდგა, მას წასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ ფელაინიმ გადაწყვიტა ყველასთვის დაემტკიცებინა თუ რა შეუძლია, სინამდვილეში.
ახლა, იგი ვან გაალის გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "იუნაიტედმა" სეზონი ოთხეულში დაასრულა. უკვე ვეღარავინ ბედავს მის წასვლაზე საუბარს, თავად ფეხბურთელი მომავალ წელზეა კონცენტრირებული. მისი აზრით, "ეშმაკები" ყველა ფრონტზე მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებენ:
"შეგვწევს ძალა "ჩელსი" გამოვიჭიროთ"- განაცხადა ფელაინიმ.
"ძალიან კვალიფიციური გუნდი ვართ, ზაფხულში რამდენიმე ახალ მოთამაშეს დავიმატებთ და რატომაც არა?
დიდი გუნდი ვართ, ამიტომ იძულებული ვართ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ."31 შეხვედრაში 7 გატანილი გოლით ფელაინი ამტკიცებს, რომ მასში გადახდილი 27 მილიონი წყალში გადაყრილი ნამდვილად არ არის, თუმცა აღიარებს, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. იყო ეს სეზონი მისთვის საუკეთესო?
"არა, მე უბრალოდ კარგი თამაში ვაჩვენე. ძალიან მაღალი დონის მოთამაშეებთან თამაში მომიწია, როგორებიც არიან: რუნი, მატა, ანდერი, ვან პერსი... მათგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობ.
თუმცა ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვვარჯიშობ, როგორ ვსწავლობ და როგორ ვთამაშობ. გასულ სეზონში ძალიან ბევრ კომპონენტში მოვუმატე."როგორც გუნდის უმეტესობა, ისიც ვან გაალთან პირველად მუშაობს, მისი თქმით ვარჯიშები ისეთივე ინტენსიურია, როგორც ოფიციალური მატჩები. თურმე, თუ ჰოლანდიელი კარგ ხასიათზე არ არის, ამას ყველა ამჩნევს.
"ის ითხოვს მაქსიმუმს ჩვენგან, როგორც თამაშზე ისე ვარჯიშზე.
მას ძალიან უყვარს ვარჯიშები, მას მოსწონს თამაში ვარჯიშის დროს, მას მოსწონს კონტაქტი, მას მოსწონს, როდესაც მოთამაშეები ბოლომდე იხარჯებიან, მხოლოდ ამის შემდეგ არის ის ბედნიერი.
როდესაც მას რამე არ მოსწონს, კამათს იწყებს, ზოგჯერ ყვირის კიდეც. ყოველდღე შენ უნდა ეცადო თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია უამრავი ძალიან მაღალი დონის მოთამაშით, რთულია ყოველ უქმეებზე მწვრთნელის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდე."რამდენიმე კვირის წინ, "ეშმაკებმა" ჰოლანდიელი მემფის დეპაი, გაიფორმეს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებენ, ფელაინის თქმით ის ყველა ახალბედას წარმატებებს უსურვებს და დაეხმარება, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა.
"იუნაიტედს" კიდევ ერთ შემტევს უკავშირებენ და ეს უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, საუბარია გარეტ ბეილზე, რომელსაც ბოლო სეზონი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც მას და გულშემატკივრებს სურდათ. ფელაინი მოხიბლულია მადრიდის "რეალის" გარემარბით და დიდი სიამოვნებით ითამაშებდა მასთან ერთდ:
"ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ინგლისში მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, რადგან "ტოტენჰემში" თამაშობდა და საუცხოო სეზონებს ატარებდა. თუმცა ახლა ის მადრიდის "რეალის" საკუთრებაა, ვნახოთ ზაფხულს რა მოხდება."კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის ირგვლივაც "იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" ფიგურირებს, დავიდ დე ხეაა. ორგზის სეზონის საუკეთესო მოთამაშე მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"ის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მას ძალიან დიდი პროგრესი აქვს. მახსოვს მისი თამაში, როდესაც პირველად გამოჩნდა ინგლისში, ძალიან დიდი განსხვავებაა. იმედი მაქვს, ის ჩვენთან დარჩება, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება."