დეილი ბლინდმა მემფის დეპაი შეაქო, რომელიც მალე ნაკრებთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედშიც" გახდება მისი თანაგუნდელი.
21-წლის დეპაი "პსვ ეინდჰოვენის" რიგებში ჩატარებულ 106 მატჩში გატანილი 43 გოლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" რიგებს მალე შეუერთდება და "ფილიპს არენადან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
ბლინდი დეპაის პირველად მაშინ დაუპირისპირდა, როცა "აიაქსი" და პსვ ერთმანეთს ჰოლანდიის ჩემპიონატში შეხვდნენ, შემდეგ კი ეროვნული ნაკრების რიგებში ერთად თამაშიც მოახერხეს.
პარასკევს გასამართი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჰოლანდიის ნაკრებების მატჩის წინ ბლინდმა თავის ახალგაზრდა თანემამულეზე ისაუბრა.
"დეპაი არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. დიდებულად ასრულებს ჯარიმებს, აქვს დიდებული დრიბლინგი და დარტყმა. ახალგაზრდაა, ნიჭიერი და ყოველთვის ბევრს შრომობს. სავარჯიშო მოედანზე მუდამ საკუთარი უნარების გაუმჯობესებას ცდილობს, სწორედ ასე ვიცნობ მას. ჩუმია, მაგრამ თუ რამის თქმა უნდა, აუცილებლად გეტყვით, მიხვდებით რაც ვიგულისხმე! დიახ, ძალიან თავდაჯერებულია, მაგრამ კარგი ბიჭია".