მარკოს როხომ მინიშნება გააკეთა, რომ ანხელ დი მარია ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული რთული პირველი სეზონის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელის სახელს მიუნხენის "ბაიერნსა" და პსჟ-ს უკავშირებენ.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ დი მარიასთან განშორება არ სურს, თუმცა თუ ფეხბურთელი წასვლას მოინდომებს, მას შეელევა.
მარკოს როხო კი "იუნაიტედის" გულშემატკივართათვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ არგენტინელთა წყვილს ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება და ენის სწავლა სურთ.
"დი მარიასთან ერთად ინგლისური ენის გაკვეთილებზე დავდივარ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ გაკვეთილებზე ხანდახან უფრო მეტს ვიცინით, ვიდრე ვსწავლობთ. მაგრამ აქ ენის შესწავლით ძალიან დაინტერესებულნი ვართ. პრემიერ ლიგის ცხოვრებას სწრაფად შევეგუე და შემიყვარდა კიდეც", - განაცხადა "იუნაიტედის" მცველმა.