29-05-2015, 14:43
ნანახია: 2271,
კომენტარები: 5
დაკვირვება გასულ სეზონზე: 5 დასკვნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2014/15 წლების სეზონში.
"იუნაიტედის" შემტევებს დაავიწყდათ, როგორ გაიტანონ
კლუბის საუკეთესო ბომბარდირი წინა სეზონის მსგავსად, უეინ რუნი გახდა, რომელმაც 14 გოლის გატანა შეძლო, მეორე ადგილზე რობინ ვან პერსი და ხუან მატა გავიდნენ 10-10 გოლით, ანდერ ერერამ კი 8-ჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება.
მიუხედავად, ვარსკვლავური შემტევი ხაზისა, სეზონის დასრულების შემდეგ, გატანილ გოლთა გრაფაში, "იუნაიტედის" გასწვრივ მხოლოდ 62 წერია, ეს კი ძალიან ცოტაა გუნდის ამბიციების გათვალისწინებით. მომავალ წელს, თუკი ვან გაალის შეგირდები ტიტულისთვის ბრძოლას აპირებენ, მინიმუმ 20-ით მეტი გოლი მაინც უნდა გაიტანონ.
სახელი წარმატების გარანტია არ არის
სეზონის დაწყებამდე "იუნაიტედის" გულშემატკივრები ვარსკვლავების ყიდვას ითხოვდნენ, რათა თანაქალაქელებისთვის კონკურენცია გაეწიათ. სატრანსფერო ფანჯრისას მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
თუმცა, ანხელ დი მარიამ და რადამელ ფალკაომ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ ისეთივე წარმატებით თამაში ვერ გააგრძელეს და ფანების იმედებიც ვერ გაამართლეს.
სერ ალექს ფერგიუსონის და დევიდ გილის დროს, გუნდი ცდილობდა გაეფორმებინა მოთამაშეები, რომლებიც ზრდის პროცესში იყვნენ: კრიშტიანუ რონალდუ, რუდ ვან ნისტელროი და უეინ რუნი. ეს მოთამაშეები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც კლუბში მივიდნენ და შემდეგ იქცნენ ვარსკვლავებად.
ახალბედა სუპერვარსკვლავებმა როგორც უკვე აღვნიშნეთ გასულ სეზონში ვერ გაამართლეს და კიდევ უფრო გაამყარეს ის მოსაზრება, რომ მოთამაშის სტატუსი ყოველთვის არ მოიტანს დადებით შედეგს.
ბრენდან როჯერსმა სწორად აღნიშნა - სეზონი, ლუი ვან გაალისთვის გაცილებით რთული გამოდგა, ვიდრე ჰოლანდიელი ელოდა
"ლივერპულის", ირლანდიელი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი სეზონის დაწყებამდე ლუი ვან გაალის ოპტიმიზმს გამოეხმაურა და ჰოლანდიელს შეახსენა, თუ როგორი რთული და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია პრემიერ ლიგა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ზურგს ესპანეთში, გერმანიაში და ჰოლანდიაში მიღებული უდიდესი გამოცდილება უმაგრებდა, როჯერსი მართალი აღმოჩნდა. ჰოლანდიელს გზად ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდა, დაწყებული ტრავმების ეპიდემიით, დამთავრებული სწორი ფორმაციის არჩევით.
"იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა გაიფორმოს 5 ახალი ფეხბურთელი
მიუხედავად იმისა, რომ ფორმის პიკში მყოფმა გუნდმა რამდენიმე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა "არსენალის", "ლივერპულის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის არ ყოფნა დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის.
ამის გათვალისწინებით, ლუი ვან გაალს ამ ზაფხულსაც დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. კლუბმა მინიმუმ 5 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს, რათა კონკურენცია გაუწიოს "ჩელსის". უპირველეს ყოვლისა გუნდს სჭირდება მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, მაიკლ კერიკის შემცვლელი, ფორვარდი, რომელიც 20 გოლს გაიტანს სეზონში და თუ დე ხეა წასვლას გადაწყვეტს, მისი შემცვლელიც მოსაძებნია.
სეზონმა სწავლის პროცესში ჩაიარა
სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები, სკოლაში დაბრუნდნენ, სადაც განსხვავებული სქემების და ტაქტიკური მონახაზების შესწავლა ხდებოდა.
რამდენიმე მათგანმა ინგლისური ფეხბურთის გემო პირველად გაიგო, თავად მთავარი მწვრთნელიც კი დებიუტანტი იყო პრემიერ ლიგაში. ლუი ახლა პორტუგალიაშია და ისვენებს, თანაც მიღებულ გაკვეთილებს აანალიზებს. მან ისწავლა, რომ "ბარნლის", "ლესტერს" და "სანდერლენდსაც" კი შეუძლიათ ლიდერების დამარცხება.
მოთამაშეებმაც ბევრი ახალი რამ გაიგეს, ზოგი მალევე დაოსტატდა, თუმცა უკვე მომავალ სეზონში მიეცემათ შანსი შესაძლებლობები გამოავლინონ და მაშინ უკვე არ იქნება დრო თავის გამართლების.