28-05-2015, 22:08
ნანახია: 2682,
კომენტარები: 7
უეინ რუნიმ გარი ნევილთან ერთად სეზონი შეაჯამა
უეინ რუნი სტუმრად გარი ნევილთან.
გარი ნევილი: დავიწყოთ, თუმცა თავიდან ბლიც-ინტერვიუს შემოგთავაზებ. საყვარელი ფილმი?
უეინ რუნი:"გაქცევა შოუშენკიდან"
- ძაღლი თუ კატა?
- ძაღლი.
- რა გაღიზიანებს? "ყველაფერი" არ მიიღება(იცინის).
- მარცხი.
- უცნაური ჩვევა?
- ალბათ, წვეულებებზე კარაოკეზე სიმღერა.
- რას მღერი?
- არ შემიძლია გითხრათ.
- გვიმღერებ?
- არა (იცინის).
- კაილი თუ ბიონსე?
- ბიონსე.
- სიმართლე თუ მოქმედება?
- მოქმედება.
- კრივი თუ გოლფი?
- უნდა დავფიქრდე. თავად მე..... (იცინის).
- მე ვიტყოდი გოლფს.
- კარგი, იყოს გოლფი.
გარი: სეზონის დაწყების წინ, იფიქრებდი თუ არა, რომ ვან პერსისა და ვან გაალის კარგი ურთიერთობის გამო, ასევე რადამელ ფალკაოს მოსვლის შემდეგ მოგიწევდა ძირითად შემადგენლობის მიღმა დარჩენა?
რუნი: სიმართლე გითხრა, არასდროს არც კი გამიფიქრია. შენ იცი როგორი ფეხბურთელიც ვარ. მე ყოველთვის მჯერა საკუთარი თავის. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუკი ბოლომდე დავიხარჯებოდი და ვიმუშავებდი, ყველა მწვრთნელისგან აუცილებლად ნდობას დავიმსახურებდი. საზაფხულო ტურნედან მოყოლებული მე ოდნავი უპირატესობაც კი მქონდა, რადგან პირველივე დღიდან ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობდი. ვფიქრობ, პირველივე ვარჯიშზე მოვაწონე თავი და სწორედ ამიტომ დავიმსახურე კაპიტნის სამკლაურიც.
გარი: შეგმატა თუ არა მოტივაცია, ახალი მოთამაშეების მოსვლამ?
უეინი: დიახ, ნამდვილად. როდესაც რადამელ ფალკაო და ვან პერსი გავიფორმეთ, ორი უმაღლესი კლასის ფორვარდი შეგვემატა, ამასთან ვიცოდი, რომ ჩემთვის ადვილი არ იქნებოდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, ჩვენ გყვავდა: ბერბა, ტევესი, რონალდუ, ნისტელროი - ამიტომ მე ამ ყველაფერს მიჩვეული ვიყავი.
გარი: გრძნობდი, რომ შანსი მოგეცემოდა კაპიტანი გამხდარიყავი?
უეინი: ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთხელაც ეს შანსი მექნებოდა, ბოლო პერიოდში გუნდში ძალიან ბევრი გამოუცდელი და ახალგაზრდა მოთამაშე მოგროვდა, რომლებსაც "იუნაიტედში" სულ ცოტა ხანი ჰქონდათ გატარებული, ეს კიდევ უფრო ამყარებდა ჩემს აზრს. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა ვფიქრობდი, რომ სამკლავურს მე, კერიკი ან დარენ ფლეთჩერი მივიღებდით. არ ვიცოდი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ვან გაალს პერსისთან, თუმცა მეგონა შანსი აუცილებლად მექნებოდა.
გარი: ხშირად საუბრობ ლუისთან, როგორც კაპიტანი? როგორი ურთიერთობა გაქვთ?
უეინი: ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვსაუბრობთ, ვკამათობთ კიდეც, მას აინტერესებს ჩემი აზრი და დამოკიდებულება გარკვეულ საკითხებთან. არის სიტუაციები, როდესაც ის თავად წყვეტს ყველაფერს, თუმცა ხშირად ინტერესდება ჩემი აზრით და ითვალისწინებს მას.
გარი: გიწევდა მიმდინარე სეზონში თანაგუნდელების წინაშე სიტყვით გამოსვლა?
უეინი: მხოლოდ რამდენჯერმე. როგორც რამდენიმე მათგანმა უკვე განაცხადა, "ლივერპულთან" მატჩის წინ და "არსენალთან" სათასო შეხვედრის შემდეგ. როდესაც "მეთოფეებთან" დავმარცხდით ტიტულის მოგების შანსიც დავკარგეთ, თუმცა მიმდინარე სეზონში ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო, წინ "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირება გველოდა, ამიტომ ყურების ჩამოყრა არ წაგვადგებოდა, ასევე მათ გავახსენე თუ რა გუნდის ღირსებას იცავდნენ. მე ვკითხე მათ, უნდოდა თუ არა რომელიმეს რამის დამატება ან თავისი აზრის გამოთქმა, სულ ეს იყო. მომდევნო მატჩებში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ, ალბათ ამიტომ დაამახსოვრდათ ის გამოსვლა.
გარი: ვან გაალი ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაშს თავისებურად გთხოვდა?
უეინი: დიახ, ვფიქრობ გაცილებით დისციპლინირებულად მიხდებოდა მოქმედება. საერთოდ, როცა ამ პოზიციის შესახებ მესაუბრებოდა "ბაიერნში" მუშაობა გაიხსენა: მისი ცენტრალური ფორვარდი ბურთს ერთ თამაშში საშუალოდ 10-ჯერ ეხებოდა. მე კი გავიფიქრე:"ჯანდაბა, მე მეტი მინდა", თუმცა იქვე მოაყოლა, რომ იგივე მოთამაშე 2 გოლით გამოდიოდა მოედნიდან, მაშინ კი ვუპასუხე:" თუ ასეა რა გაეწყობა, 10 შეხება - 2 გოლი." რა თქმა უნდა, მალევე მივხვდი თუ რას ითხოვდა მწვრთნელი ჩემგან. ვცდილობდი შეტევაში დარჩენას, მცველების დაბნევას და თანაგუნდელებისთვის თავისუფალი ზონების შექმნას. ალბათ შეამჩნევდით, რომ მე, ფელაინი და იანგი მეტოქის მცველებს შანსსაც არ ვუტოვებდით.
გარი: თერთმეტ-მეტრიანები. განვიხილოთ.
უეინი: წინასასეზონო ტურნეზე, ერთ-ერთი ვარჯიშისას ლუი ჩემთან მოვიდა და მკითხა, მსურდა თუ არა თერმეტ-მეტრიანები შემესრულებინა, მე რა თქმა უნდა, მსურდა და ვუთხარი კიდეც, ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მას თავისი სისტემა ჰქონდა, თუკი ვერ გაიტან სიის ბოლოში აღმოჩნდები. ამერიკაში ორჯერ გავიტანე ნიშნულიდან: "გალაქსის" და "რომას" წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ პირველად ვინერვიულე ამხანაგური შეხვედრის დროს. "ვალენსიასთან" შეხვედრაში შანსი ვერ გამოვიყენე ამიტომ, სიის სათავეში რობინი მოექცა, მის შემდეგ იყვნენ ხუან მატა, ანდერ ერერა და ეშლი იანგი. "სუონსისთან" მატჩში პირველი შემსრულებელი ჩიჩარიტო იყო, მეორე კი ფილ ჯონსი. შესვენებაზე ჩიჩა შეცვალეს, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ თუკი თერთმეტ-მეტრიანი დაინიშნებოდა, ის ფილს უნდა შეესრულებინა, თუმცა იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "არ შემიძლია, ვერ გავიტან". ლუიმ სწორად აღნიშნა, თუკი ივარჯიშებ ყველაფერი გამოვა, ამიტომ მცველების უმრავლესობამ ამ ასპექტზე მუშაობა დაიწყო. ბოლოს რობინმა ვერ გაიტანა, ამიტომ უკანასკნელ ადგილზე ახლა ის არის.
გარი: რას ფიქრობ ამ სეზონზე?
უეინი: ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი, ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები გვყავდა, ვიცოდით პრემიერ ლიგის მოგება გაგვიჭირდებოდა. ჩვენი მთავარი ამოცანა ოთხეულში მოხვედრა იყო. გასული სეზონის შემდეგ, ოთხეულს მიღმა დარჩენა კატასტროფა იქნებოდა. კარგი იქნებოდა და შანსიც გვქონდა ერთ-ერთი თასი მოგვეგო, სწორედ ამიტომ იყო გულდასაწყვეტი "არსენალთან" მარცხი. ძალიან კარგი შანსი გვქონდა ამ ტიტულის მოგების, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოთხეულია.
გარი: როგორ ფიქრობ, ახლოს ხართ ჩემპიონობასთან?
უეინი: დიახ, მე ასე ვფიქრობ. პირველ 10 ტურში თუ არ ვცდები მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, ამიტომ მეტოქეებს ძალიან გაუმართლათ, რადგან მას შემდეგ დაახლოებით თანაბარი ქულები დავაგროვეთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლოს ვართ, ორი აზრი არ არის. ჩვენ დავამარცხეთ უშუალო კონკურენტები, თანაც დამაჯერებლად. მომენტები უნდა გამოვიყენოთ. "ჩელსისთან" შეხვედრაში, მარცხენათი დარტყმული რომ გასულიყო, სულ სხვა თამაშს იხილავდით. შესაძლოა მოგვეგო კიდეც, რაც პირველ ადგილოსანზე ზეწოლას მოახდენდა და შანსი გვექნებოდა. რაც შეგვეხება ჩვენ, მე, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ვფიქრობ ცოტა გვაკლია, ზაფხულში 1-2 კარგი ფეხბურთელის დამატებით შანსი აუცილებლად გვექნება. ვან გაალმა იცის, თუ რას აკეთებს. მოთამაშეებმაც იციან, რა უნდა მწვრთნელს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
გარი: რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის გოლების რეკორდი "იუნაიტედის" და ეროვნულ ნაკრებში რიგებში?
უეინი: ძალიან მნიშვნელოვანი. მახსოვს, როგორ მოვედი კლუბში, მანამდე კი შენს, გიგზის, სქოულზის თამაშს ვუყურებდი და ვხედავდი როგორ იგებდით ტიტულებს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდთან ასე ახლოს ვიქნებოდი. რეკორდის დამხობასთან ახლოს ვარ და თუ ამას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. დიდი პატივია, ისეთი დიდი კლუბის საუკეთესო ბომბარდირობა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". რაც შეეხება ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირობას, ეს ისეთი რამაა, რაზეც არასდროს არც კი მიოცნებია.