"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იქნება დამოკიდებული.
63-წლის სპეციალისტმა თავის პირველ სეზონში დაკისრებული ვადებულება შეასრულა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა. იმისათვის, რომ მომდევნო ნაბიჯი გადადგას, გუნდს ვან გაალის აზრით, გაძლიერება სჭირდება.
"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ უნდა მითხრას, რომ ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. შესანიშნავი მიზანია, მაგრამ ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, მოვახერხებთ ზაფხულს კარგი ფეხბურთელების შეძენას და გუნდის შემადგენლობის დაბალანსებას თუ ვერა.
"არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ვნახეთ, რომ ფეხბურთელთა დაყენება მომიხდა იმ პოზიციაზე, სადაც მათ მანამდე არ ვიყენებდი. სამწუხაროა, რადგან ჩვენს თამაშს ბალანსი აკლდა. თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვჭირდება და მერე მათთვისაც იოლი იქნება.
ხელმძღვანელობამ იმიტომ მომიწვია აქ, რომ ტიტული მოვიგოთ და ამ მიზნისკენ მივიწევთ. რა თქმა უნდა, თასების მოგება მსურს - მოგება გულშემატკივართათვის და ჩემთვის.
ჩემი და თქვენი ამბიციები ტიტულის მოპოვებაში მდგომარეობს, მაგრამ ადვილი არ იქნება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა ახალი საჩემპიონო გუნდი ავაშენო," - განაცხადა ვან გაალმა.