"ვალენსიას" მცველის, ნიკოლას ოტამენდის აგენტმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს ესპანელთა რიგების დატოვება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოტამენდის შეძენას ცდილობს და თუ ჭორებს დავუჯერებთ, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა კლუბთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.
27-წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფიქსირებული ღირებულება 37 მლნ. ფუნტი იქნება, რის გადახდასაც "იუნაიტედი", რა თქმა უნდა, არ აპირებს. ოტამენდიმ კი გადაწყვიტა კლუბს დათმობაზე წასვლა აიძულოს და კლუბიდან წასვლას ითხოვს.
"ნიკოს "ვალენსიას" დატოვება სურს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. პრეზიდენტ ამადეო სალვოს ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ უთხრა და მიკვირს, რომ სპორტულმა დირექტორმა რუფეტემ არ იცის. ეს ან ტყუილია, ან გაუგებრობა.
ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელის სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა აგენტმა ეუხენიო ლოპესმა.