ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უპირველესად ნახევარდაცვის სიღრმის გაძლიერებას ეცდება.
მაიკლ კერიკი ამ პოზიციაზე "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 9 სეზონის განმავლობაში მოქმედებდა და როგორც ჩანს, 33-წლის ფეხბურთელი ვან გაალის გეგმებში კვლავ შედის. მაგრამ კერიკის ტრავმის შემთხვევაში "იუნაიტედი" იძულებული იყო მის ნაცვლად სხვადასხვა ფეხბურთელი გამოეყენებინა, რომელთა ძირითადი ამპლუა სულ სხვა პოზიციას მოიცავს.
როცა ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ეს პრიოტეტული პოზიცია სატრანსფერო ბაზარზე, ვან გაალმა უპასუხა: "ნომერი 6 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, დიახ. მრავალი მნიშვნელოვანი როლი მაქვს, ნომერი 6 კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ სეზონშიც ნახეთ, რომ მაიკლ კერიკმა ტრავმა მიიღო და სხვა ფეხბურთელი არ მყავდა, იქ ანდერ ერერას ვიყენებდი. კარგად მოქმედებდა, მაგრამ ეს მისი სპეციალობა არ არის.
რუნიც ვათამაშე, მაგრამ არც მისთვის არის ეს საყვარელი პოზიცია. ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, რადგან კერიკის გარდა სხვა მარჯვენა ფეხით მოთამაშე ნახევარმცველი არ მყავს. ეს პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ სხვა როლებზე არ ვისაუბრებ, რადგან ასე ძალიან ბევრს გაგიმხელთ."
ვან გაალმა სურვილი გამოთქვა, სატრანსფერო საქმიანობა გაცილებით ადრე დაასრულოს, ვიდრე 31 აგვისტოა. უფრო ზუსტად კი, ვან გაალს სურს ახალი ფეხბურთელების შეძენა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახერხოს.
"ყოველთვის 31 აგვისტოს იხურება, რაც ჩემი აზრით, სასაცილოა. მრავალჯერ ვეცადე სატრანსფერო ფანჯარა შემეცვალა, რადგან ტურნირის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. მანამ უნდა დაასრულო, სანამ შენს გუნდს სეზონისთვის მოამზადებ.
გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა და ფეხბურთელთა უმრავლესობა გვიან მოვიდა. რამდენიმე შენაძენი უკანასკნელ დღეს, 31 დეკემბერს განვახორციელეთ და ეს პრემიერ ლიგაში რამდენიმე ქულის დაკარგვად დაგვიჯდა. სხვა გუნდებისგან ეს გვანსხვავებს. იმედი მაქვს, ამჯერად უფრო ადრე მოვრჩებით".