მემფის დეპაი - "მანჩესტერ იუნაიტედი" სამომავლო გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი განმახორციელებელი.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ არ გახსნილა ოფიციალურად, თუმცა, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შეთანხმება უკვე შედგა.
"პსვ ეინდჰოვენის" მოთამაშე მემფის დეპაი, რომელიც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს, სადაც ყველა იმის მოლოდინშია, რა შეუძლია 21-წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში.
პსვ-ს დირექტორ მარსელ ბრანდსის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელით ლუი ვან გაალის გუნდში გადაბარგებამდე, რომელსაც ვინგერისა და ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში, "ლივერპული" და პსჟ ინტერესდებოდნენ. BBC Sport-ი ამტკიცებს, რომ შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ პსვ თავისი 7 ნომრის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 31 მლნ. ფუნტს მიიღებს.
ასეთი სიდიადის მქონე კლუბების ყურადღების მიპყრობა ადვილი არ არის, ისევე როგორც, ადვილი არ არის ვან გაალის მოხიბლვა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" არაერთი სუპერვარსკლავი დასვა სკამზე.
ვან გაალს უკვე აქვს ნამუშევარი დეპაისთან ერთად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. შესაძლოა დეპაის ვიდეო Youtube-ზე გინახავთ, სადაც, რა თქმა უნდა, მისი საუკეთესო მხარეებია წარმოჩენილი, ან ბრაზილიაში მის ხანმოკლე ოთხ გამოჩენას უყურეთ, მაგრამ "იუნაიტედის" ქომაგთა უმრავლესობისთვის მემფისი კვლავ რჩება დიდ გამოცანად. რის გამო ატყდა ამხელა ხმაური?
მოდით, გაჩვენებთ. 10 სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ რატომ ითვლება დეპაი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ასე მალე და შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" კრიშტიანუ რონალდუს გზის გამეორების პოტენციალიც ჰქონდეს.
***
მემფის დეპაიმ ამ სეზონში საჯარიმოს გარედან უფრო მეტი გოლი გაიტანა (8), ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთელმა შემადგენლობამ (7).დეპაის მიერ ამ სეზონში გატანილი 22 გოლიდან 8 ბურთი შორი მანძილიდან გავიდა, რაც ლუი ვან გაალის შეგირდების შედეგს აღემატება. "იუნაიტედი" შორი მანძილიდან საფრთხის შექმნის ესოდენ მნიშვნელოვან საშუალებას მიიღებს. დეპაი ასევე ითვლება "მკვდარი" ბურთების სპეციალისტად (საჯარიმოები/თავისუფალი დარტყმები) და წელს 7 ზუსტი გასროლა მიითვალა. გამორიცხული არ არის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" "წითელმა ეშმაკებმა" სტანდარტული მდგომარეობების საუკეთესო შემსრულებელი იხილონ, რომელიც დევიდ ბექჰემის შემდეგ აღარ უნახავთ.
***
შეფარდებითი მნიშვნელობით მემფის დეპაიმ უფრო მეტი დუელი მოიგო (57%), ვიდრე მესიმ (56%) და რონალდუმ (54%).ყველაფერი სწორია, მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელიც კი ჩამორჩება დეპაის მინიმუმ ერთ ასპექტში.
დეპაი სჯობნის ორივეს, მესისაც და რონალდუსაც და აქტივში 20 ართმევა, 78 მოტყუება, 8 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და მასზე აღებული 48 ჯარიმა აქვს. თითოეულ კომპონენტში მემფისის მაჩვენებელი არგენტინელისასაც ჩამორჩება და პორტუგალიელისასაც, მაგრამ საერთო ჯამში გამარჯვება დეპაის რჩება.
***
დეპაიმ წელს ერედივიზში 78 წარმატებული მოტყუება განახორციელა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე რუნის (38), ვან პერსისა (21) და ფალკაოს (13) მაჩვენებელი.თუ ჯერ კიდევ გგონიათ, რომ "ოლდ ტრაფორდის" ვარსკვლავები - უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო - დაღმავლად თამაშობენ, უბრალოდ ამ მონაცემზე შეჩერდით.
მართალია ეს ტრიო ისეთივე ახალგაზრდულობით ვერ დაიკვეხნის, როგორითაც დეპაი, მაგრამ მემფისმა მათ უჩვენა, რომ იცის, როგორ უნდა გასცდეს მეტოქეს ერთი-მეორის მიყოლებით.
***
დეპაიმ ამ სეზონში კარში უფრო მეტჯერ დაარტყა (72), ვიდრე რუნიმ (26) და ვან პერსიმ (37) ერთად.მართებული იქნება აღნიშვნა, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონში გოლების გატანასთან დაკავშირებით პრობლემას განიცდიდა (61 გოლი - პირველ 4 გუნდს შორის ყველაზე ცუდი შედეგი) და კრიტიკის უმეტესი ნაწილი რუნისა და ვან პერსისკენ უნდა იყოს მიმართული, რომლებიც ხშირად არასტაბილურობით გამოირჩეოდნენ. დეპაის გოლების წყურვილი იმაზე მიგვანიშნებს, რომ კარში ყოველი ხელსაყრელი მომენტის შემთხვევაში დაარტყამს.
***
დეპაიმ ამ სეზონში უფრო მეტი გადამწყვეტი პასი შეასრულა (55), ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა.თუ ვან გაალი არ გარისკავს და დეპაის თავდასხმაში არ დააყენებს, სისულელე იქნება ის ნახევარდაცვის მიღმა დატოვონ, საიდანაც 54 გადამწყვეტი გადაცემისა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
უახლოესი მდევარი "იუნაიტედის" რიგებიდან ანხელ დი მარია გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 41 გადამწყვეტი პასი გააკეთა.
***
დეპაიმ თავის პარტნიორებს უფრო მეტი შანსი შეუქმნა (58), ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა. ახლოს არის მხოლოდ დი მარია (51)დი მარია დეპაის შემდეგ კვლავ მეორე ადგილს იკავებს, თუ საუბარია პარტნიორებისთვის შექმნილ მომენტებზე.
თუ გავითვალსწინებთ იმას, რომ დეპაის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მომდევნო სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის კონკურენციის არსებობა მოულოდნელობა არ იქნება. მაგრამ დეპაიმ აუცილებლად უნდა მოუმატოს საგოლე გადაცემების კეთებას, დი მარიამ ხომ მარტომ შექმნა 10 გოლი თავისი კამპანიისთვის.
***
დეპაიმ სეზონში 126 ჩაწოდება განახორციელა და ამ კომპონენტში მხოლოდ დი მარიასა და ეშლი იანგს ჩამორჩებამემფისის შეძენამ შესაძლოა, "იუნაიტედში" ვინგერების გამოყენების ტაქტიკის დაბრუნება გამოიწვიოს, რომელიც ასე ამართლებდა სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ დი მარია და იანგი ამ პოზიციაზე ძლიერად გამოიყურებოდნენ, დეპაის სისწრაფე და ძალა მომდევნო სეზონში ძალიან გამოსადეგი იქნება. მას სავსებით შეუძლია ანდრეი კანჩელსკისისა და რაიან გიგზის კვალს გაჰყვეს.
***
მიმდინარე სეზონში დეპაიმ ორთაბრძოლისას უფრო მეტჯერ წაართვა ბურთი მოწინააღმდეგეს (20), ვიდრე მაიკლ კერიკმა (19), ლუკ შოუმ (19) და პედი მაკნეირმა (15).შესაძლოა, არასწორია იმ მოთამაშეთა ინდივიდუალური მონაცემების შედარება, რომელთაგან ერთ-ერთს 10 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კერიკი, შოუ და მაკნეირი დაცვითი ფუნქციების მქონე ფეხბურთელები არიან, მათ სავსებით შეეძლოთ უფრო მეტი ართმევა განეხორციელებინათ, ვიდრე მათ შემტევ კოლეგას.
რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ დეპაი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შრომობს და პარტნიორებს ბურთის დაბრუნებაში ეხმარება,
***
დეპაიმ მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოს ბურთი 6-ჯერ მოარტყა, ორჯერ მეტი, ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა; უახლოესი - ვან პერსი 3 დარტყმით.უმნიშვნელოა, კარის ჩარჩოზე მოხვედრას კარგ შედეგად მიიჩნევთ, თუ ცუდად, მაგრამ დეპაიმ მიმდინარე სეზონში კარის ჩარჩო 6-ჯერ შეარხია, რაც მის გოლის გატანისკენ მისწრაფებას ადასტურებს.
***
მემფის დეპაიმ მოწინააღმდეგეთა მეკარეებს 79-ჯერ აიძულა საკუთარი გუნდი ეხსნათ. ეს მეტია, ვიდრე დი მარიას (37), ფელაინის (17), ერერასა (13) და მატას (10) მაჩვენებლები ერთად აღებული.პრემიერ ლიგის მეკარეებს მომდევნო სეზონში ვარჯიშებზე თავდამსხმელებთან პრაქტიკის გავლა მოუწევთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეპაის დარტყმა უყვარს და მეკარეებს აიძულებს თავიანთი ხელფასი სრულად გამოიმუშაონ.
იმის გათვალისწინებით, რომ "იუნაიტედი" ცენტრში იშვიათად ალაგებდა თამაშს და წინ მოძრაობისას ხშირად ზედმეტად ფრთხილობდა, დეპაიმ დაამტკიცა, რომ შეუძლია გახდეს ფეხბურთელი, რომელიც მომდევნო სეზონში გაშლაში დაეხმარება.