"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი დარწმუნებულია, რომ დავიდ დე ხეას წასვლა კლუბს კატასტროფულ მდგომარეობაში არ ჩააგდებს.
ესპანელი მეკარე ზედიზედ მეორედ დასახელდა "იუნაიტედის" წლის საუკეთესო მოთამაშედ, რაც კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ არავის გაუკეთებია.
ასეთი პრიზი დავიდმა ნამდვილად დაიმსახურა, რადგან მისი დახმარებით "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში არაერთი მატჩის მოგება შეძლო და ოთხეულში ადგილიც დაიმკვიდრა.
თუმცა დე ხეას მოქმედი კონტრაქტი 1 წლის შემდეგ იწურება და ახლისთვის ხელის მოწერას არ ჩქარობს. მისით კი მადრიდის "რეალი" ინტერესდება. თუმცა შმეიხელს მიაჩნია, რომ ამაში სანერვიულო არაფერია.
"თუ მას წასვლა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმის გამო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფანტასტიკურად იასპარეზა. მისი წასვლით კი ცხოვრება არ მთავრდება.
უფრო მნიშვნელოვანია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი პოლიტიკა გაატაროს და შეიძინოს მოთამაშეები, რომლებიც კლუბს სჭირდება.
ცალკე აღებული ფეხბურთელი ვერასდროს იქნება კლუბზე მნიშვნელოვანი და გამონაკლისი არ არის დე ხეა.
თუ ჩვენთან ერთად თამაში სურს, ძალიან გაგვიხარდება. თუ არა, ამას გადავიტანთ და მწვრთნელი გადაწყვეტს, ვისით შეცვალოს. თუმცა ჩვენ ერთ ფეხბურთელზე მეტი გვჭირდება - ამას ყველა ხვდება.
იმედი მაქვს, "მანჩესტერ იუნაიტედში" მომსვლელ ფეხბურთელთა თაობაზე კარგი ახალი ამბები გვექნება, ატმოსფეროს აღვადგენთ და თასებისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა შმეიხელმა.