ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა ტედი შერინგემმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და მეორე ლიგის გუნდის, "სტივენეიჯის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო საქმიანობაში ერთი წლის წინ გადადგა, როცა "ვესტ ჰემში" სემ ელერდაისის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაში შევიდა.
სწორედ მის გამოჩენას უკავშირდება "ვესტ ჰემის" კარგი თამაში შეტევაში სეზონის პირველ ნაწილში, როცა "ჩაქუჩები" ევროთასებზეც კი აცხადებდნენ პრეტენზიას.
თავდამსხმელთა მწვრთნელად მუშაობის შემდეგ 49-წლის შერინგენმმა დამოუკიდებელი კარიერის შექმნა გადაწყვიტა და "სტივენეიჯთან", რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ტედის ფეხბურთელის კარიერა 25 წელს გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში 9 სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 755 მატჩში 288 გოლი გაიტანა. კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა და ამრიგად, იგი კვლავ რჩება პრემიერ ლიგაში გატანილი გოლის ყველაზე ასაკოვან ავტორად.