"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მიერ პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილის დაკავება წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
ერთ-წლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება და რუნისთვის სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.
"მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესვენების ერთი წელი - ძალიან ბევრია ასეთი კლუბისთვის. სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთის დაბრუნება იყო ჩვენი მთავარი მიზანი და ამას თავი გავართვით.
ახლა გვინდა მოედანზე გავიდეთ და სეზონის ბოლო მატჩი მოვიგოთ, მომდევნო წელს კი დავამატოთ და ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან კარგ გუნდს შევქმნით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს", - განაცხადა რუნიმ.
რუნიმ ისიც განაცხადა, რომ ლუი ვან გაალს გუნდი თავდაპირველად რთულად შეეგუა, მაგრამ ახლა მის მაღალოსტატურობაში ეჭვი არ ეპარებათ.
"ვან გაალს გაცილებით განსხავებული მეთოდები აქვს იმისგან, რასაც მივეჩვიეთ, თუმცა ფეხბურთელები უკვე გაერკვნენ ამაში. პირველ თვეებში სხვაგვარად იყო, რთული იყო და ჩვენი თამაში ამას ასახავდა.
მაგრამ, ახლა ყველამ ნახა ფეხბურთის კლასი, რომელსც ჩვენ ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, გამოცდილებით, რომელსაც მწვრთნელი ფლობს, პროგრესირებას გავაგრძელებთ და ბევრს ვისწავლით".