"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რაიან გიგზი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გასვლის აღნიშვნას უცნაურობად მიიჩნევს.
ჩაგდებული გასული სეზონის შემდეგ ლუი ვან გაალის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დავალება შეასრულა და სიხარულს არ მალავს, მაგრამ უელსელი ეიფორიის გაზიარებას არ აპირებს.
"პირადი თვალსაზრისით ამ სეზონისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე, მაგრამ როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფები კლუბში, რომელიც მუდამ აღწევდა წარმატებებს, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღნიშვნა უცნაურია.
სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში ჩვენი მიზანი ეს იყო. მეშვიდე ადგილის შემდეგ მეოთხე ადგილის დაკავება დიდებულია. მაგრამ მომდევნო წელს, გვინდა ტიტულზე გვქონდეს პრეტენზია", - განაცხადა გიგზმა.