"მანჩესტერ იუნაიტედის" ნომინაციის გამარჯვებულები ცნობილია.
მოთამაშეთა საუკეთესო მოთამაშე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა დავიდ დე ხეა თავისი გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში დაასახელეს.
დე ხეა, რომელმაც თავისი ხმა თანამემამულე ხუან მატას მისცა, გასულ სეზონშიც გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე თანაგუნდელთა არჩევანით, წელს კი ლუი ვან გაალის სადებიუტო სეზონში ფორმის შენარჩუნება მოახერხა.
24-წლის მეკარემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა:
"მინდა ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, ისინი ამ სეზონში ფანტასტიკურები იყვნენ და ყველანი მიყვარს. დიდებული გასახდელი ოთახი გვაქვს და მინდა ამის გამოც გითხრათ მადლობა", - განაცხადა დე ხეამ მას შემდეგ, რაც რუნიმ პრიზი გადასცა.
როცა თავის საყვარელ სეივზე ჰკითხეს მიმდინარე სეზონში, დავიდმა უპასუხა:
"ვფიქრობ, მეკარისთვის ნებისმიერი სეივი მნიშვნელოვანია, რათა გუნდს დაეხმაროს. ძალიან მოხარული ვარ პრიზით და მხოლოდ მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო".სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა დავიდ დე ხეა ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში დაასახელა სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზის მფლობელად.
დავიდ დე ხეამ გასულ სეზონში ისტორია შექმნა, როცა პირველი მეკარე გახდა, რომელიც კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს დაეუფლა, მიმდინარე სეზონში კი კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა და ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში დაეუფლა ერთსა და იმავე პრიზს.
ესპანელმა თავის თანაგუნდელებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და ფეხბურთელების მიერ საუკეთესო მოთამაშედ არჩევის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე მეორე პრიზს დაეუფლა.
ლუი ვან გაალმა და "იუნაიტედის" გულშემატკივარმა სტივენ ქროსმა ერთობლივად გადასცეს პრიზი ესპანელს, მწვრთნელმა კი დავიდს სიტყვით მიმართა:
"შენით ძალიან ვამაყობ. შენ უფრო მეტად განავითარე საკუთარი თავი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა. გულშემატკივართა არჩევანს ვეთანხმები. გილოცავ, ამას იმსახურებ".განცხადება დე ხეამაც გააკეთა:
"როგორც მწვრთნელმა თქვა მანამდე, ჩვენ საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს მთელ მსოფლიოში და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და ჩვენთან ერთად მოგზაურობენ - ეს ფანტასტიკურია.
ახალგაზრდა ვარ და ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშზე გაუმჯობესებას ვცდილობ. ყოველთვის ყველას სურს გაუმჯობესება და ვფიქრობ, მე გავუმჯობესდი."წლის საუკეთესო გოლი
არ არსებობს უკეთესო რამ, ვიდრე "ენფილდზე" გატანილი ლამაზი გოლი და თუ ის გამარჯვების მომტანია, ორმაგად სასიამოვნოა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მატამ "ლივერპულის" კარში სტუმრად გატანილი თავისი მეორე გოლის წყალობით სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მიიღო.
ნომინაციაში სულ 10 სხვადასხვა გოლი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ბოლოს 4 მათგანი შემორჩა: უკვე აღნიშნული მატას გოლი, ანდერ ერერას მიერ "იოვილის" კარში გატანილი შორეული დარტყმა, ანხელ დი მარიას მიერ "ლესტერის" კარში გატანილი ტექნიკური გოლი და უეინ რუნის მიერ "ასტონ ვილას" კარში გატანილი ოსტატური ბურთი.
მატამ გამოკითხულდა ხმების 59% მიიღო, დი მარიას გოლი კი მეორე ადგილზე გავიდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ანხელ დი მარიამ დიდებული პასი მომცა, ჩემი ჩარბენა დაინახა და მინდოდა ერთი შეხებით მეთამაშა - საბედნიეროდ, კარში შევიდა.
როგორც კი "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებ "ენფილდზე" ან "ოლდ ტრაფორდზე", მაშინვე იგრძნობ, რომ ეს განსხვავებული მატჩია. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ საუკეთესო დღე მაქვს. მნიშვნელოვანი გამარჯვება და ძალიან კარგი მომენტი იყო".მატამ მომდევნო სეზონში თავისი მიზნების შესახებაც ისაუბრა:
"გვინდა გავუმჯობესდეთ. ამ სეზონში გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეთებინა და ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდით. მაგრამ მე ამ კლუბს ვიცნობ, როგორც ტიტულებისთვის მებრძოლს და მომდევნო სეზონში ვეცდებით ყველა ტურნირი მოვიგოთ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ".
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U21)
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა ანდრეას პერეირა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
19-წლის პერეირამ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ახალი კონტრაქტი გააფორმა და 21-წლამდელთა გუნდს პრემიერ ლიგის მოგებაში დაეხმარა. ანდრეასმა თანაგუნდელებს, დონალდ ლავსა და ლიემ გრიმშოუს გამოკითხვაში აჯობა და უორენ ჯოისის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
პერეირა ამჟამად ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფება და დენზილ ჰარუნის სახელობის პრიზი ცერემონიაზე ვერ მიიღო, თუმცა შეტყობინება ვიდეოს საშუალებით გაავრცელა:
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც ხმა მომცა. შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელსა და შტაბს, რომლებიც მეხმარებოდნენ და ასევე მადლობას ვეტყვი უორენ ჯოისსა და სარეზერვო გუნდს, რომლებიც ამ პრიზის მოგებაში მნიშვნელოვნები იყვნენ. ასევე ვულოცავ 21-წლამდელთა ტურნირის მოგებას. ჩემთვის დიდი პატივია პრიზის მიღება და იმედი მაქვს მომდევნო სეზონში უკეთესად ვითამაშებ. გმადლობთ".საუკეთესო U18 ფეხბურთელი
აქსელ ტუანზებე "მანჩესტერ იუნაიტედის" 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო 18-წლამდელთა ფეხბურთელად დასახელდა სამწვრთნელო შტაბის მიერ.
17-წლის ფეხბურთელი პოლ მაკგინესის გუნდის კაპიტანი იყო და მასთან ერთად "წითელმა ეშმაკებმა" აკადემიის ლიგაში პლეი-ოფის ეტაპამდე მიაღწიეს. საერთო ჯამში ტუანზებემ 29 მატჩი ჩაატარა 18-წლამდელთა გუნდში, 21-წლამდელთა რიგებში კი სამჯერ შევიდა შეცვლაზე.
ტუანზებეს ჯიმი მერფის სახელობის პრიზი გადაეცა და ისეთი ფეხბურთელების სიაში ჩაეწერა, რომელთაც აღნიშნული პრიზი აქვთ მიღებული - დენი უელბეკი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, და გასული წლის გამარჯვებული ჯეიმს უილსონი.
პრიზის მიღების შემდეგ აქსელმა განაცხადა: "
ჩემთვის კარგი სეზონი იყო. ვფიქრობ, მწვრთნელებისა და შტაბისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებდი. უამრავი ფეხბურთელი იდგა ჩემს ზურგს უკან, რადგან მე კაპიტანი ვიყავი. მთელი ჩვენი პატარა გუნდისთვის დიდებული სეზონი გამოდგა."