გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლოსწინა ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხეული საბოლოოდ დალაგდა. ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ.
პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ანდერ ერერას გოლის წყალობით "იუნაიტედი" დაწინაურდა. ზუსტად 2 წუთში ვან გაალის გუნდს მეორე გოლის გატანის საშუალებაც ჰქონდა, თუმცა იანგმა გადაცემა ოდნავ უკან გააკეთა, რითაც შეტევა ჩაიშალა. ზუსტი გადაცემის შემთხვევაში, კი დიდი ალბათობით ხუან მატას გოლის გატანა არ გაუჭირდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პირველ ტაიმში "არსენალს" კარისკენ არც ერთხელ არ დაურტყამს.
მეორე ნახევარში "არსენალმა" თამაში გამოასწორა და მომენტებიც შექმნა. 62-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა დავიდ დე ხეას ვერ აჯობა. 7 წუთში უკვე აარონ რემსის ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ მასპინძლები მარკოს როხომ იხსნა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს ბლეკეტის ავტოგოლის წყალობით. "არსენალს" 71 დაუგროვდა, ხოლო "იუნაიტედს" – 69. აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბს ერთი მატჩი თადარიგში აქვს. ლუი ვან გაალის გუნდი მე-4 ადგილს დასჯერდა. ბოლო ტურში "იუნაიტედი" "ჰალ სიტის" დაუპირისპირდება.