"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კვლავ არ გამორიცხა ზაფხულს "ოლდ ტრაფორდიდან" დე ხეას წასვლა.
გუშინ "არსენალის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, რომელიც დე ხეამ ბოლომდე ვერ ითამაშა, შესაძლოა, 24-წლის კიპერისთვის, რომლითაც მადრიდის "რეალი" ინტერესდება, უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდეს "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლის რანგში.
ვან გაალი კი გადაწყვეტილებას თავისი შეგირდისგან ელოდება.
"ტრანსფერი - ეს არის პროცესი, რომელშიც მოთამაშე, კლუბი და მისი ამჟამინდელი კლუბი მონაწილეობს. არჩევანი დე ხეამ უნდა გააკეთოს.
ადვილი არ არის ორ დიდ კლუბს შორის არჩევანის გაკეთება. დავიდი ესპანელია, მისი მეგობარი გოგო ესპანელია, ახლა ის ესპანურ კლუბს სურს, დედ-მამა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ყოველთვის ჩამოდიან აქ - ეს რთულია. მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენთან დარჩება.
რა შანსები გვაქვს მის დასატოვებლად? არასდროს იცი. თქვენ ისეთ კითხვებს მისვამთ, რაზეც პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიცი.
მან უნდა გადაწყვიტოს, რადგან ჩვენ ფანტასტიკური კონტრაქტი შევთავაზეთ და გვინდა დარჩეს. დე ხეამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
მისი დათანხმება არ შემიძლია, რადგან ისედაც იცის, რა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში". საჭირო არ არის "იუნაიტედის" უპირატესობებზე ვისაუბრო, რადგან ამას ყოველდღე ხედავს.
მან ქომაგი ნახა - ისინი დაუჯერებელნი არიან. როცა წავა, ამას დაკარგავს. აქ მრავალი პლუსი აქვს, ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ვან გაალმა.