ინგლისმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ლუკ შოუს წაყვანა არ გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალმა მცველს დასვენება ურჩია.
ნაკრებისა და ინგლისის უდიდესი კლუბის ინტერესთა კონფლიქტი ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდიდან არსებობს, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეითი და საფეხბურთო ასოციაცია კი შოკირებულია იმის გამო, რომ ვან გაალმა საჯაროდ განაცხადა ზაფხულში ლუკის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მიღმა დატოვების სურვილის შესახებ.
შემადგენლობა ოთხშაბათს უნდა დასახელდეს, მანამდე კი საფეხბურთო ასოციაციასა და "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბს შორის მოლაპარაკება გაიმართება. საუთგეითი ვან გაალს პირადად შეხვდება, ასოციაცია კი მის მოთხოვნას უგულებელყოფს იმ შემთხვევაში, თუ შოუს ტრავმის საშიშროება არ აღმოაჩნდება და თავად ფეხბურთელს ტურნირზე მონაწილეობის სურვილი ექნება.